"ქართული ოცნება" ნადირობს ხმებზე, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, „ამნისტიის კანონს“ მხარს დავუჭერთ - ვნახავთ მუხლებს, რაზეა საუბარი, როგორ შეიძლება ვინმეს გათავისუფლების წინააღმდეგი ვიყოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" არანაირი ჰუმანიტარული მიზნები არ აქვს და „ყველაფერს ეპოტინებიან“.
„ძალიან კარგი წიგნია "ნადირობა ხმებზე". ზუსტად, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, ეს არის ნადირობა ხმებზე. "ქართულ ოცნებას" არანაირი ჰუმანიტარული მიზნები არ აქვს, მას აქვს გადარჩენის მიზნები და ამოცანები და ეპოტინებიან ყველაფერს. "ქართული ოცნების" მხრიდან, ბოლო კუდის მოქნევაა ფაქტობრივად. ამ წუთას რომ გაზომო მათი რეიტინგი 25-30%-ს არ ასცდება და გავეშებულები არიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, იმიტომ რომ ჰუმანიტარული მიზანი არის მიზანი ჩვენთვის. მე ჰუმანურად ვუყურებ ამ საკითხს. უნდა ვნახოთ, ვისზე ვრცელდება ეს ყველაფერი. მე მარტო არ და ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას. იცით, ჩვენ კოალიციაში ვართ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად. ამას სჭირდება კოალიციური გადაწყვეტილება," - განაცხადა მანჯგალაძემ.
მან ასევე ფეხბურთის გუშინდელ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ფეხბურთელებმა ბევრი იშრომეს და ახლა გვაქვს დიდი ამოცანა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი".
„ბიჭებმა ბევრი იშრომეს, ბევრი იბრძოლეს. საქართველო გაიყვანეს 16 საუკეთესო ევროპულ გუნდს და ქვეყანას შორის. მადლობა მათ ამ თავდადებისთვის, ბრძოლისთვის. ახლა გვაქვს დიდი ამოცანა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. თითქოს მინიშნება იყო, 4-იანი და 1-იანი არის 41, ეს არის ძალიან ცუდი და ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ. როგორც ერთიანი ვიყავით საქართველოს მხარდაჭერაში, ასევე ერთიანი უნდა ვიყოთ ცვლილებებში. მომწიფდა ცვლილებები და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს," - განაცხადა მანჯგალაძემ.