„საქართველო ფლაგმანია ახალი ევროპული პოლიტიკის ეროვნული ღირებულებების და მშვიდობის დაცვის კუთხით. არსებული გლობალური პოლიტიკის წინააღმდეგ დაწყებული შეუქცევადი პროცესები მშვიდობის, სტაბილურობის და ერების სუვერენული უფლებების დაცვით დასრულდება,” - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, საფრანგეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებით აშკარა ხდება, რომ ვერც ამერიკა და ვერც მისი მიმდევარი ევროპელი ლიდერები ვერ აჩერებენ პროცესებს.
„საფრანგეთში მაკრონის პარტიის სასტიკმა მარცხმა კიდევ ერთხელ გაამყარა ჩვენი მოსაზრება დასავლეთის პოლიტიკის კრიზისზე. მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ვერც ამერიკა და ვერც მისი მიმდევარი ევროპელი ლიდერები ვერ აჩერებენ პროცესებს. პოლიტიკაში შეცდომებს ხალხი არ გპატიობს და ამის კიდევ ერთი მაგალითია გუშინ საფრანგეთში ჩატარებული არჩევნები.
მარი ლეპენის პარტიის გამარჯვებამ ევროპის მემარჯვენეები გააძლიერა და ახალ პოლიტიკურ დინებას დაუდო სათავე. თუკი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღეიდან უნგრეთი ხდება ევროკავშირის ხელმძღვანელი ქვეყანა, ადვილი მისახვედრია, თუ როგორ გამოიყენებს ამ პრივილეგიას ორბანი ლიბერალების არასწორი პოლიტიკის საწინააღმდეგოდ. წინ გვაქვს კიდეც რამდენიმე არჩევნები ევროპულ სახელმწიფოებში და ბოლოს ამერიკაში, რომელიც სავარაუდოდ, დაასრულებს ლიბერალების მიერ განხორციელებულ დამანგრეველ პოლიტიკას მსოფლიოში. ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე პროცესები ამაზე მეტყველებს.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ხელისუფლების სწორ პოლიტიკას ევროპული არჩევნები ამართლებს. თუკი თავად ევროპელები ეუბნებიან უარს არსებულ პოლიტიკას, ჩვენთვის რატომ უნდა იყოს მისაღები მათი ლიდერების მცდარი მოსაზრებები? მითუმეტეს, შანტაჟი? საქართველო ფლაგმანია ახალი ევროპული პოლიტიკის ეროვნული ღირებულებების და მშვიდობის დაცვის კუთხით. არსებული გლობალური პოლიტიკის წინააღმდეგ დაწყებული შეუქცევადი პროცესები მშვიდობის, სტაბილურობის და ერების სუვერენული უფლებების დაცვით დასრულდება,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.