წარმოუდგენელი ემოციებია, ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ, მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა და ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში, საქართველო-პორტუგალიის მატჩის შემდეგ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეფასებით, ფეხბურთის ნიჭი რომ აქვთ ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
"წარმოუდგენელი ემოციებია. ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ. მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა და ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი. საოცრებაა, იბრძოლეს ბოლომდე და გარდა ბრძოლისა, ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და მადლობა მათ. სასწაულია, პირველი ევროპის ჩემპიონატია და პირველივე ევროპის ჩემპიონატზე როდესაც ჯგუფიდან გადიხარ, ეს არის საოცრება. კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს, მადლობა ყველას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პორტუგალიასთან მოგებას განსაკუთრებული ფასი აქვს.
"პორტუგალიამ ბოლომდე იომა მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი აძლევდა მოდუნების საშუალებას, ბოლომდე იბრძოლეს, ბოლომდე იომეს. ასეთი გუნდი დავამარცხეთ, ეს კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია. ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ. რა თქმა უნდა, ყველა თამაში რთულია ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ესპანეთთანაც, დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ და დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია,"- განაცხადა პრემიერმა.