ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა(VIDEO)

ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა(VIDEO)

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. "პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ "ვითანამშრომლებდი" ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის "ნაშოვნი ფულის" ადგილსამყოფელზე, მაშინ მომცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა.

გარდა ამისა, ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა - "მე გამოვთქვი გაკვირვება , რომ ეს ხელისუფლება ამდენია ხანია ხელისუფლებაშია, გაეცნო ყველა მასალას და ნუთუ ვერ დარწმუნდნენ, რომ წინა ხელისუფლების ჩატარებული გამოძიება არის უნაკლო და შეუძლებელია სხვა განსხვავებულია აზრის ჩამოყალიბება.

ამავე დროს, ვურჩიე მას, როგორც ახალგაზრდა პროკურორს, არ გაემეორებინა თავისი წინამორბედის შეცდომები და არ დაეანონსებინა, რომ ისინი მალე გახსნიან და არ გაეზარდა მოლოდინი ჟვანიას საქმის გახსნასთან დაკავშირებით. თუ მე მის ამ წინადადებებს არ დავთანხმდებოდი, მან დამიხატა შემდეგი სურათი - ჩემი პირობები ციხეში მკვეთრად გაუარესდება, რაზეც მე ირონიულად მივუგე, რომ ამაზე უარესი რა უნდა იყოს. მან ძალიან მკაფიოდ აღმიწერა, თუ როგორ ტირის დედაჩემი ყოველდღე, როგორ უჭირს ჩემს ოჯახს, იყო იაფფასიანი "ოპერული" თქმა, მე ყველამ მიმატოვა, მითხრა, რომ ღარიბაშვილი აპირებს, დიდი ხანი იყოს ხელისფლებაში და მე ციხიდან ვერ გავალ. ამავე დროს, მომისვამს გვერდით ჩემს პარტიულ და არაპარტიულ მეგობრებს, ჩემს ნათესავებს და მეგობრებს, ვისაც ბიზნესი გააჩნია, გაუჩერებს ბიზნესს. მან განმიმარტა, რომ ისინი მაინც გახსნიან ჟვანიას საქმეს და მათი განცხადებით ამაში მათ ამერიკელები ეხმარებიან. ამაზე მე ირონიულად გამეცინა, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ფედერალური ბიურო იმთავითვე იყო ჩართული პროცესში. ამავე დროს მომცეს დრო ორშაბათამდე და მითხრეს, რომ ორშაბათამდე მქონდა გადაწყვეტილების მიღების დრო. თუ დავთანხმდებოდი, პერსპექტივა ასეთი დამიხატეს, რომ იმ ფულს, რომელიც მოპარული მაქვს გამატანინებდნენ საქართველოდან”.

ამასთან, ვანო მერაბიშვილის თქმით, ფარცხალაძეს გარდა, კაბინეტში, სადაც საუბარი შედგა, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დარბაისელი იმყოფებოდა. ყოფილი პრემიერის თქმით, ეს მეორე პირი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა.