ჯეფრი საქსმა ბრიტანელ წამყვანთან პირს მორგანთან ინტერვიუში ვლადიმერ პუტინის სამშვიდობო გეგმაზე ისაუბრა. ამერიკელი პროფესორი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის დასაშვები იქნება მოლაპარაკებები უკრაინის 4 ანექსირებული ტერიტორიის საკითხზე, თუმცა არსებობს ორი საკითხი, რომლებზეც პუტინი კომპრომისზე არ წავა - ნატოს გაფართოება უკრაინაში და ყირიმის დათმობა.
„ჩემი აზრით, ეს კონფლიქტი დიდწილად პირველმა საკითხმა გამოიწვია, ნატოსთან დაკავშირებულმა. იმიტომ რომ ეს საკითხი უკვე 30 წელია დღის წესრიგშია, ტერიტორიების თემა კი მხოლოდ 2 წლის წინ დადგა დღის წესრიგში.
ჩემი აზრით, ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკება შეიძლება, ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც. რა თქმა უნდა, იქ უკვე 10 წელია ომია. ჩემი აზრით, პუტინისთვის მოლაპარაკებები მიუღებელია ნატოს უკრაინაში გაფართოებასა და ყირიმის საკითხზე.
ვფიქრობ, პუტინის განცხადებებში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მას ომის შეწყვეტა სურს. მას არ უნდა უკრაინაში საკუთარი ძალაუფლების დამყარება, მას არ უნდა უკრაინის მეტი ტერიტორიის მითვისება. ახლა, ფრონტის ხაზზე ის არ აკონტროლებს ამ 4 პროვინციის მთლიან ტერიტორიას. ვფიქრობ, რომ ის არ დათმობს ყირიმს. ამას თითქმის ყველა დასავლელი ექსპერტი და ანალიტიკოსი ეთანხმება“, - მიიჩნევს საქსი.