თუ არასამთავრობო სექტორს ასუსტებ, მაშინ ანგარიშვალდებულების შენარჩუნების შესაძლებლობას აქრობ, - ამის შესახებ ექსპერტმა, ლინკოლნ მიტჩელმა აშშ-ის კონგრესში გამართულ ბრიფინგზე სახელად “რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება” განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს შემთხევაში არასამთავრობო ორგანიზაციები თავის დაფინანსებას არ მალავენ და მათ ვებ-გვერდებზეა გამოქვეყნებულია, რომ ისინი იღებენ დაფინანსებას, მაგალითად:
„NED-იდან, ან USAID-ისგან, ან ევროპული ორგანიზაციებისგან. ასე რომ, ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ცდილობენ რამე ინფორმაციის მოპოვებას, რაც ისედაც არ არის საჯარო ინფორმაცია.
რასაც ეს [კანონი აკეთებს] არის ის, რომ აიძულებს მათ გამოაცხადონ, რომ ისინი რეალურად უცხოური მთავრობის სამუშაოს ასრულებენ, რაც განსხვავდება უცხოური მთავრობისგან დაფინანსების მიღებისგან, მაგრამ აქ კიდევ ერთი რამეა, ბევრი ეს ორგანიზაცია, განსაკუთრებით ისინი, ვინც ფულს იღებენ ევროპიდან ან აშშ-დან - ის სამუშაო, რომელსაც ისინი ასრულებენ, აჩქარებს საქართველოს ტრაექტორიას ევროკავშირისკენ, რაც საქართველოს მთავრობის გამოცხადებული მიზანია”, - დასძინა მან.
მან საქართველოში არსებული პოლიტიკურ სისტემაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში არასამთავრობოს სექტორის როლს გაუსვა ხაზი, რადგან მრიტჩელის თქმით, საქართველო დამოუკიდებლობის დღიდან ერთპარტიული მმართველობაა.
„საქართველო საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რიგი ერთპარტიული სისტემების მიერ იმართებოდა. ახლა ეს “ქართული ოცნებაა”, მანამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო, მანამდე “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი” იყო, მანამდე “ზვიად გამსახურდიას მრგვალი მაგიდა” - ამ ერთპარტიულ სისტემებში არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც ხშირად დასავლეთის, აშშ-ის, ევროპის მიერ ფინანსდებოდა, ძალიან არსებით როლს ასრულებდა, რათა მთავრობა ანგარიშვალდებული ყოფილიყო.
მიუხედავად იმისა თუ რამდენად მოგვწონს საქართველო, იქ არასდროს ყოფილა ფუნქციონირებადი ორპარტიული სისტემა. ასე რომ, თუ არასამთავრობო სექტორს ასუსტებ, მაშინ ანგარიშვალდებულების შენარჩუნების შესაძლებლობას აქრობ, რომელიც არის საქართველოში, და ეს ყველა მხრივ ცენტრალურია დემოკრატიისთვის”, - განაცხადა საქართველოს ექსპერტმა, ლინკოლნ მიტჩელმა აშშ-ის კონგრესში გამართულ ბრიფინგზე სახელად “რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება”.