„ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებული წერილის მნიშვნელოვან გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას და განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში პარტნიორული ურთიერთობების ორმაგ სტანდარტებს.’
ეკა სეფაშვილის თქმით, აშშ გამოთქვამს პრეტენზიებს იმის გამო, რომ საქართველო ეკონომიკურ და პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებს ჩინეთთან მაშინ, როცა თავად შტატებს მილიარდობით დოლარის სავაჭრო ურთიერთობა აქვს ჩინეთთან. ასეთი მიდგომა, სეფაშვილის თქმით, არათუ მიუღებელია ქვეყნისთვის, არამედ შეურაცხმყოფელიც კია.
„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება საქართველოსთან მიმართებაში არაკეთილგანწყობილი იყო და ეს ჰგავდა უფროს-უმცროსობის ჭრილში უფროსის მხრიდან მისდამი დაქვემდებარებულის დატუქსვას. იმ ფონზე, როდესაც საქართველო ჩინეთთან აღრმავებს ეკონომიკურ და პარტნიორულ ურთიერთობას, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რატომღაც ძალიან დიდი პრეტენზიებია გამოთქმული. ისინი არ გვიწონებენ ამ საქციელს და გვაფრთხილებენ, რომ ჩინური კომპანიების და ინვესტიციების მიმართ სიფრთხილე გამოვიჩინოთ. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ამერიკისა და ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად ნახევარ ტრილიონ დოლარს აჭარბებს და 2017 წლიდან ამერიკის ეკონომიკაში ყოველწლიურად ჩინეთი 35 მილიარდი დოლარის ინვესტიციას დებს.
როდესაც ჩვენ გვიშლიან ამ პორტში [ანაკლიის საზღვაო პორტი] ჩინური კომპანიის მონაწილეობას, როდესაც მოგვიწოდებენ შევწყვიტოთ სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არ არის განპირობებული იმით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენი ეკონომიკის განვითარება სურს. პირიქით, იგი მოითხოვს, რომ მისი ინტერესების დაცვის სასარგებლოდ საქართველომ უარი თქვას საკუთარ ინტერესებზე. სწორედ ამის წინააღმდეგ გამოვდივართ ჩვენ და სწორედ ესაა წერილის მიზანი, რომ მოსახლეობას მივუთითოთ იმ აშკარა შეუსაბამობებზე, რაც არსებობს აშშ-ს გაცხადებული პარტნიორობის სულისკვეთებას და იმ რეალურ განცხადებებს შორის, რომლითაც შტატებში საქართველოსთან მიმართებით ხელმძღვანელობენ.
ასევე ვერ დავარქმევთ აშშ-ს ელჩის გამოთქმულ მოსაზრებებს პარტნიორულს, როდესაც ის ეხება საქართველოში სუვერენული სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონების არადემოკრატიულობას; როდესაც ის მიუთითებს აშშ-ს მხრიდან საქართველოს დახმარებაზე, რომელთან მიმართებაშიც ჩვენ არაერთხელ ვითხოვეთ გამოექვეყნებინათ სრული ანგარიში იმის, თუ რაში და სად დაიხარჯა თანხები იმიტომ, რომ ჩვენი გათვლებით და მედიაში მოპოვებული ფაქტების ანალიზით, ეს დახმარება 30 წლის განმავლობაში არა 6 მილიარდი, არამედ დაახლოებით 4 მილიარდია, რომლის უდიდესი ნაწილი მოხმარდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და არა საქართველოს ეკონომიკას. როდესაც ასეთი აშკარაა ორმაგი სტანდარტები, ჩვენთვის მიუღებელია პარტნიორის მხრიდან ასეთი მიდგომა და ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფას. ეს არ უნდა იყოს ბატონ-ყმური დამოკიდებულება. ეს უნდა იყოს პარტნიორული ურთიერთობები და ჩვენი წერილით სწორედ ამ გარემოებებზე ვამახვილებთ ყურადღებას," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.