პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს. ანალიტიკოსის თქმით, ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა ხელისუფლების ვალდებულებაა, რადგან ეროვნული ღირებულების დასაცავად 17 მაისს მთელი საქართველო ქუჩაში გამოვიდა. ექსპერტი ამბობს, რომ ეროვნული და ზნეობრივი ღირებულებების დაცვა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ გახდა საკანონმდებლო პაკეტის დაინიცირება საჭირო. თამთა მეგრელიშვილი საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის დუმილსაც აფასებს. მისი თქმით, ამ მნიშვნელოვან საკითხზე დუმილი შესაძლოა აღიქვას როგორც ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერა.
„ლგბტ საკითხზე მუშაობა არის პასუხისმგებლობიანი, ეროვნული ღირებულებების მქონე ხელისუფლების პრეროგატივა და მეტიც, ეს იყო ვალდებულება იმიტომ, რომ ამ ღირებულებების დასაცავად და მსოფლიოსთვის ხმის მისაწვდენად, 17 მაისს მთელი საქართველო გარეთ გამოვიდა. საზოგადოებამ ამით თქვა - ჩვენ ევროპაც და განვითარებაც ამ ფასეულობებით გვინდა, ჩვენს იდენტობაზე, ღირებულებებზე, კულტურასა და რწმენაზე დაყრდნობით, სხვა შემთხვევაში -ჩვენთვის განვითარების პერსპექტივა არ არსებობს, რადგან ეს გადის მორალურ და ზნეობრივ ღირებულებებზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის გამოძახილი. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობიანმა სახელისუფლებო გუნდმა წარმოადგინა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ერთი ძირითადი და თვრამეტი გამომდინარე კანონისგან შედგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის ნება აღსრულდება და სახელისუფლებო გუნდი მიიღებს ამ ეროვნულ, ღირსების და ზნეობრივ აქტს, რის შედეგადაც ჩვენ უარს ვეტყვით ანტიზნეობრივ ძალებს.
რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც დუმილით ხვდება ძალიან მნიშვნელოვან, ეროვნულ მისიას და დავალებას, მათი დუმილი უნდა გავიგოთ, როგორც ამ არაზნეობრივი ქმედებების მხარდაჭერა, სხვა ახსნა ამას არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი დგას იქ, სადაც უნდა იდგეს. დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხებთ და ეს ინიციატივა სამართლებრივად დასრულებულ, სრულყოფილ ფორმას მიიღებს და აბსოლუტურად ყველა ძალა, ვინც ახლა დუმილს ინარჩუნებს, აღქმული იქნება ძალად, რომელსაც არ სურს ქვეყანაში სტაბილურობა და ზნეობრივ სახელმწიფოში ცხოვრება. ქართული რეალობისთვის და ისტორიისთვის დამახასიათებელია ზნეობრივი ღირებულებები. მაგალითად, რომ ოჯახი არის მამაკაცის და ქალის ერთობა და ზნეობრივ ურთიერთობაზე აგებული ბედნიერების საყრდენი. აქედან გამომდინარე, ეს პრინციპი დაცულია თითოეული ქართველის გულში. ვფიქრობ, რომ თავის მნიშვნელოვან სიტყვას ეს ზნეობრივი აქტი იტყვის და შეიზღუდება ამორალურობის პროპაგანდა, რომელმაც წალეკა მსოფლიო და დღეს ქართული სახელმწიფოს საზღვრებს მოადგა.“- აღნიშნა მეგრელიშვილმა.