დავით მათიკაშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე: კონკრეტული საკონსტიტუციო შესწორებები და საკანონმდებლო ცვლილებები არავის უფლებების შეზღუდვაზე არ არის მიმართული

დავით მათიკაშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე: კონკრეტული საკონსტიტუციო შესწორებები და საკანონმდებლო ცვლილებები არავის უფლებების შეზღუდვაზე არ არის მიმართული

თავიდანვე რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ, კონკრეტული საკონსტიტუციო შესწორებები და საკანონმდებლო ცვლილებები არავის უფლებების შეზღუდვაზე არ არის მიმართული, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია მომავალი თაობების დაცვისკენ.

„დღეს ჩვენ პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განვიხილეთ როგორც კონსტიტუციური კანონპროექტი, რომელიც ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვას გულისხმობს, ასევე, არის მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, საკანონმდებლო პაკეტი.

საზოგადოებამ იცის, რომ პარლამენტში განხილვებამდე ჩვენ, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, სრულიად საქართველო მოვიარეთ. თავად გახლდით საკონსტიტუციო კომისიის წევრი და ვესწრებოდი იმ შეხვედრებს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში ტარდებოდა და ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი საზოგადოების, ქართული ელექტორატის, ჩვენი ქვეყნის პირდაპირი დაკვეთაა ჩვენი ყველაზე დიდი განძის, ეს არის ჩვენი მომავალი თაობა, მათი უფლებების განსაკუთრებული დაცვა, რომელიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ოჯახური ღირებულებების და ოჯახური სიწმინდის დაცვის კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ.

თავიდანვე რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ, კონკრეტული საკონსტიტუციო შესწორებები და საკანონმდებლო ცვლილებები არავის უფლებების შეზღუდვაზე არ არის მიმართული.

არავის უფლების დარღვევას, ან მათი ცხოვრების წესში შეჭრას, მათთვის სწავლებას თუ როგორ უნდა იცხოვრონ, ბუნებრივია, არ შეიცავს. პირიქით, ეს კანონპროექტი არის გამიზნული იმისთვის, რომ საკანონმდებლო სივრცეში, საკანონმდებლო ჩარჩოებში მოაქციოს ერთი მხრივ, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც თავისი პოზიტიური ვალდებულების ჭრილში გააჩნია სახელმწიფოს და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა, მხოლოდ პროპაგანდა.

ეს არის ის პროპაგანდა, რომელიც დამოკლეს მახვილივით თანამედროვე საზოგადოების ძალიან დიდ პრობლემატიკას წარმოადგენს. აქ არის ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვაზე საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ სქესის შეცვლა არის დაუშვებელი, აქ არის საუბარი, რომ არ შეიძლება ლგბტ პროპაგანდის შემცველი ლიტერატურა გავრცელდეს არასრულწლოვანთა შორის და ა.შ. და არის მისი აღსრულების კონკრეტული მექანიზმები დადგენილი.

როდესაც ოპოზიცია ამ საკითხს მხარს არ უჭერს, დღეს მე მიმყავდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელსაც მხოლოდ უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ, იყო ცარიელი სკამები, რომელიც ოპოზიციისთვის არის განკუთვნილი და ბოიკოტი ამ საკითხზე, ანუ მხარის არ დაჭერა ამ ცვლილებებზე, ნიშნავს ამ ცვლილებების საწინააღმდეგოდ, პირიქით, ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერას და ისინი, რადიკალურ ოპოზიციას ვგულისხმობ, ამისთვის საზოგადოებისგან აუცილებლად სათანადო პასუხს სწორედ არჩევნებზე პოლიტიკურად მიიღებენ, როდესაც ისინი დამარცხდებიან მომავალ საპარლამენტო არჩევნებში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.