არავითარი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს ან რას უწოდებენ კლანს, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიზო უბილავამ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს.
„არავითარი კლანი არ არსებობს სასამართლოში. ჩემთვის გაუგებარია ასე უსაფუძვლოდ იმის ძახილი, თითქოსდა კლანი არსებობს. ეს ხომ თვითონ ქვეყნის შიგნით სისტემას აყენებს ზიანს. ცდილობენ, უფრო სწორედ, თუმცა, გონიერი საზოგადოებაა ჩვენი საზოგადოება და ხვდება ამას“, - აღნიშნა გიზო უბილავამ.
მისივე თქმით, კატეგორიულად გამორიცხავს ასევე ფაქტს, რომ თითქოს არსებობს გუნდი და ეს გუნდი აკონტროლებს სასამართლოს.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი არიან: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი. კომიტეტის მიერ კანდიდატების მხარდაჭერის შემთხვევაში, საკითხი კენჭისყრისთვის მომდევნო კვირას პარლამენტის სხდომაზე დადგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად კანდიდატს დეპუტატთა 76 ხმიანი კვორუმი სჭირდება.