მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ პრემიერობის კანდიდატმა, ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა არ გაუგზავნის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ჟორდან ბარდელას თქმით, იგი მხარს უჭერს უკრაინის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი რუსეთისგან, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, ის არ მიაწვდის უკრაინას რაკეტებს, რომლებიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის საშუალებას მისცემს.
„ვისურვებდი, რომ უკრაინას ჰქონდეს ფრონტის შესანარჩუნებლად საჭირო საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, მაგრამ ჩემი წითელი ხაზი უცვლელია“, - აღნიშნა ჟოერდან ბარდელამ.
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.
ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებას მარინ ლეპენი ისტორიულ შანსს უწოდებს და აცხადებს, რომ მის პარტიას საშუალება ეძლევა საფრანგეთი ჩვეულ გზაზე დააბრუნოს.
Ifop-Fiducial-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 35%-ს მიიღებს.