რთული თამაში გამოვიდა. პირველი წუთები ოდნავ იგრძნობოდა ნერვიულობა, რადგან ასეთ დიდ ტურნირზე ჩვენი პირველი თამაში იყო, - ამის შესახებ თურქეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრმა ლუკა ლოჩოშვილმა განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ თამაშიდან გამომდინარე უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. რა თქმა უნდა, ეს იმედგაცრუების გრძნობა არის, მაგრამ პირველი თამაში ყოველთვის უფრო ძნელია და შემდეგ მატჩებში შევეცდებით უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ წარმატებული შედეგი დავდოთ“, - განაცხადა ლოჩოშვილმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში თურქეთთან დამარცხდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 31-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა. ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 22 ივნისს, ჰამბურგში გამართავენ, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.