ვილი სანიოლი: გვაკლდა გამოცდილება და ვფიქრობ, ამას მომავალში გამოვასწორებთ

ვილი სანიოლი: გვაკლდა გამოცდილება და ვფიქრობ, ამას მომავალში გამოვასწორებთ

გვაკლდა გამოცდილება, ტალანტი და ვფიქრობ, ამას მომავალში გამოვასწორებთ,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სადებიუტო მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დავიწყებ გიორგი მიქაუტაძის გოლით, რომელიც ისტორიაშიც პირველი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო, რადგან ასეთ კარგ თამაშში მოახერხა და გაიტანა. რაც გვაკლდა, ეს ალბათ იყო ცოტაოდენი ტალანტი, გამოცდილება და ვფიქრობ, რომ ამას მომავალში გამოვასწორებთ, ასეთი თამაშების შემდეგ. საქართველო ახლა სწავლობს, თუმცა გვინდა, რომ კარგი გამოცდილებით ვისწავლოთ“,- აღნიშნა სანიოლმა.

მანვე ისაუბრა სტადიონზე არსებულ ატმოსფეროზეც.

„დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე ვითამაშეთ. ვფიქრობ, ეს სტადიონი ფანტასტიკურია და შექმნილია კარგი ფეხბურთის თამაშისთვის. არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო, ჩვენთვის რაღაც ახალი. ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრი თურქი გულშემატკივარი საქართველოს ჰიმნის დროს უარყოფით ხმას გამოსცემდა. ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და ამ ყველაფერმა თურქებზე არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად ამისა, თურქეთმა ძალიან კარგი თამაში გვაჩვენა, ისევე, როგორც საქართველომ და ვფიქრობ, რომ მატჩი და ატმოსფერო ერთმანეთს ემთხვეოდა“,- აღნიშნა სანიოლმა.