ჩვენ გვსურს დავუბრუნდეთ პოზიტიურ პარტნიორობას საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ უკანასკნელმა ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, რომ იმ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ქმედებებში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, ავრცელებს დეზინფორმაციას, ძალადობს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ მათ შეეზღუდებოდათ ამერიკაში შესვლა - იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ, ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას ,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ელჩის შეფასებით, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია, მათ შორის დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება, ძალადობისა და დაშინების შემთხვევები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
„როდესაც საქართველოში ჩამოვედი ოქტომბერში, ჩამოვედი იმის გაცნობიერებით, რომ იყო გარკვეული გამოწვევები ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ ჩამოვედი სრული პასუხისმგებლობით, რომ მემუშავა საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს მოსახლეობასთან, რათა დავბრუნებოდით ამ მდიდარი პარტნიორობის კურსს, რომელიც გვაქვს. და იცით, ჩვენ ეს გავაკეთეთ კიდეც ერთად, როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, მივაღწიეთ რეალურ პროგრესს. პირველი რაც გავაკეთე, ჩავედი ბრიუსელში და რეკომენდაცია გავუწიე საქართველოს, რომ მას მიეღო კანდიდატის სტატუსი, რასაც ვაშინგტონი ასევე უჭერდა მხარს. ევროკავშირმა, რომელიც, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი იყო გადაწყვეტილების მიღებაზე, ჩემი გადმოსახედიდან, მიიღო დიდებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ კარგად მივდიოდით, რაც იყოს ახალი დასაწყისი ჩვენი ურთიერთობებისთვის, მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ერთ-ერთი მათგანი არის დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, კიდევ ერთი მაგალითი არის „უცხოური აგენტების“ კანონი, რაც გვჯერა, რომ არის ქართველი ხალხის გაცხადებული მისწრაფებების საწინააღმდეგო. კიდევ ერთი ნაბიჯი არის ძალადობისა და დაშინების შემთხვევები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ყველა ამ ნაბიჯმა მიგვიყვანა სამწუხარო გარემოებამდე, სადაც ახლა ვართ - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დააწესა. მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არავის ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გვსურს ამის გაკეთება. ჩვენ გვსურს დავუბრუნდეთ პოზიტიურ პარტნიორობას საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ უკანასკნელმა ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, რომ იმ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ ქმედებებში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, ავრცელებს დეზინფორმაციას, ძალადობს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ მათ შეეზღუდებოდათ ამერიკაში შესვლა. როგორც აღნიშნეთ, შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას. სახელმწიფო მდივანი ძალიან მკაფიო იყო, რომ, დიდი ალბათობით, კიდევ იქნება შემდგომი შედეგები. უნდა მომხდარიყო თუ არა ეს? არა! ვისურვებდი საქართველოს ხელისუფლების მიერ კურსის ცვლილების ხილვას და მათ მიერ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდეს მეტი შეზღუდვების დაწესება. არის ეს მიმართული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ? ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს. შედეგები, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს ჩვენი მხრიდან მოჰყვა, არის ხელსაწყო ქმედების შესაცვლელად და არ არის განკუთვნილი საქართველოს მოსახლეობის დასასჯელად. ისინი ძალიან მიზანმიმართულია და ვიმედოვნებ, რომ ეს გაგზავნის სიგნალს იმისთვის, რომ ნეგატიური ქმედების შემობრუნება მოხდეს.“- განაცხადა ელჩმა.