პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვა მიმდინარე კვირაში გაიმართება. მმართველი გუნდი კანონპროექტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, ოპოზიცია კი კვლავ ბოიკოტს განაგრძობს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ განხილვაში მონაწილეობაზე უარი ოპონენტების მორიგი ლუსტრაციაა, რასაც, მათივე თქმით, საზოგადოება პასუხს ოქტომბრის არჩევნებზე გასცემს.
„ჩვენთვის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის აკრძალვის თემა უკავშირდება უპირველეს ყოვლისა იმ თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რომელიც საქართველოს გააჩნია და რომელმაც საქართველო დღემდე მოიყვანა ამ ისტორიული ქარტეხილების მიუხედავად. ადამიანები, ამას [განხილვას] არ ესწრებიან, თავის პოზიციას არ გამოხატავენ, სპეკულირებენ იმით, რომ ვითომდა ვიღაცის უფლებები შეიძლება დაირღვეს, რაც ტყუილია. სამართლის წინაშე ყველა თანასწორია. ელემენტარული არსებობს დასკვნა, რომ ადამიანებს [ოპოზიციას] არ მიაჩნიათ ეს პრინციპები სათავისოდ, ან თავისი პოლიტიკური შეხედულებების ნაწილად. ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის“, - აღნიშნა ვოლსკიმ.