საქართველოს ხელისუფლებამ კრიმინალური ავანტიურიდან გაკვეთილი ისწავლა და მიზნად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით „დაბრუნებას“ ისახავენ, - ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ამ განცხადებებზე „სოხუმისა და ცხინვალის რეაქცია თავისთავად მეტყველებს“.
„აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა სუვერენული არჩევანი ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთეს, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ერთი რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება ძალის გამოყენებით სცადა და მეორეს მსგავსი ქმედებებით დაემუქრა. როგორც ჩვენ გვესმის, საქართველოს ხელისუფლებამ ამ კრიმინალური ავანტიურიდან გაკვეთილი ისწავლა და მიზნად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით „დაბრუნებას“ ისახავენ. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ქართულ „რეინტეგრაციის“ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელთაგან მთავარია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. აფხაზებმა და ოსებმა მათი სუვერენული სტატუსის „შელახვის“ და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევის მცდელობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არაერთხელ გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ერთადერთი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება იქნება“, - განაცხადა მიხაილ გალუზინმა.
მისივე თქმით, სოხუმი-თბილისი-ცხინვალის „სამკუთხედში“ ნორმალიზების წინაპირობები მას შემდეგ გაჩნდება, რაც საქართველო არსებულ რეალობას მიიღებს და თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპების საფუძველზე ურთიერთობების დამყარებისთვის მზად იქნება.
„ამასთან დაკავშირებით, უმთავრესი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიებზე ხელმოწერას. ასევე, მათ შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტას შემდგომი დემარკაციით. ყველა ეს თემა, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, განხილვის საგანს წარმოადგენს. ეს ფორმატი თანაბარი დიალოგის შენარჩუნებისა და საერთაშორისო შუამავლობით თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის საერთო ენის პოვნის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მუშაობის გააქტიურებას მხარს ვუჭერთ. ვიცი, რომ აფხაზები და სამხრეთ ოსები ამისთვის მზად არიან“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.