ბოდიში მოიხადონ, რათა მოახერხონ და შეინარჩუნონ ადამიანური სახე მაინც! - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძესა და მის შემოქმედებით ჯგუფს ბოდიშის მოსახდელად ვადას აძლევს.
მმართველი პარტიის დეპუტატი აცხადებს, რომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ N1 და N11 პრინციპების უხეშად არაერთგზის დამრღვევს პოლიტიკურ და ანალიტიკურ ჟურნალისტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს.
„საზოგადოებისათვის მოულოდნელი არ არის და უკვე მიჩვეულია კიდეც „ნაციონალური“ ტელევიზიების ბოღმითა და ბოროტებით სავსე ე. წ. ჟურნალისტების მიერ გამომცხვარ პასკვილებს „ქართული ოცნების“ ლიდერების, მომხრეების, თუ აქტივისტების მიმართ.
2024 წლის 6 აპრილს სწორედ ასეთი - სიცრუესა და ბოროტებაზე დაფუძნებული, სამარცხვინო ჟურნალისტის, ირაკლი ბახტაძის სიუჟეტი გავიდა „მთავარ არხზე“, სადაც ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება „მიმოიხილეს“, - აცხადებს ოდიშარია.
მან „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ „მთავარ არხს“ სარჩელი მოუგო.
„კიდევ ერთხელ დავანახე ქართულ საზოგადოებას ამ ტელევიზიად წოდებული პარტნომენკლატურის დაქვემდებარებაში მყოფი აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების „კეთილსინდისიერება“ და „პროფესიონალიზმი“. ასევე, ნათლად დაინახა საზოგადოებამ ჟურნალისტის უხეში, მახინჯი ფაბრიკაცია, რაც რა ხანია მათ პროფესიულ ხელწერად იქცა.
ბოდიშის მოუხდელების შემთხვევაში, მე ვიტოვებ უფლებას მივმართო სასამართლოს და საკუთარი სიმართლის დამტკიცების შემთხვევაში, ჟურნალისტად წოდებული ირაკლი ბახტაძე კანონის ძალით ვაიძულო მოიხადოს ბოდიში აღვირახსნილი ცილისწამებისთვის“, - აცხადებს ოდიშარია.