ჩვენ მთავრობის მიერ წარდგენილ სიას დღესაც ბოლომდე ვუჭერთ მხარს. იმედი მაქვს, პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას გადახედავს და ყველა წარდგენილ პირს სათანადოდ მიაგებს პატივს და დააჯილდოებს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფეხბურთის ნაკრების წევრებისა და ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების საკითხზე განაცხადა.
წულუკიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ფედერაციაში ადამიანები გაურკვეველი ნიშნით დაყო, რაც მას ნეგატიურად ახასიათებს.
„რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რასაკვირველია, ჩვენ მთავრობის მიერ წარდგენილ სიას დღესაც ბოლომდე ვუჭერთ მხარს. მე, როგორც სპორტის მინისტრს, დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას გადახედავს და ამ სიაში მყოფ ყველა წარდგენილ პირს სათანადოდ მიაგებს პატივს და დააჯილდოებს. თუმცა თუ არ შეცვალა გადაწყვეტილება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისთვის არის საზიანო. მისივე გადაწყვეტილება ძალიან ცუდად ახასიათებს, ვინაიდან გამოყო და დაყო ერთი გუნდი გაუგებარი კრიტერიუმების მიხედვით, ვისგან-ვისგან და ეს პრეზიდენტისგან, რომელიც, ასე უწერია კონსტიტუციაში, უნდა იყოს გამაერთიანებელი, შემაკავშირებელი და გარკვეული ჰარმონიის დამამკვიდრებელი საზოგადოებაში, ეს გადაწყვეტილება მისთვისვე საზიანოა. პოლიტიკურად თუ შევხედავთ, გასაკვირიც არის, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც არაერთხელ დაარღვია ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი, კონსტიტუცია, მუდმივად ჭკუას გვარიგებს, გვასწავლის, თითქოს უნდა გამოვნახოთ ენა ისეთ ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, როგორიც არის ქართული პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს, არ უნდა ვიყოთ პოლარიზებაში და ა.შ. თავად იქ, სადაც პოლიტიკას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ფეხბურთის ფედერაციაში მან დაყო ადამიანები გაურკვეველი ნიშნით. ეს მას ძალიან ნეგატიურად ახასიათებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების საკითხთან დაკავშირებით 13 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები, რითაც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები. ამავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ჯილდოების გადაცემის ცერემონია სექტემბერში გაიმართება. მოგვიანებით პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებიდან ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ, 16 ივნისს გაავრცელა მორიგი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა“.