უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის ასეთი ფორმა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ და მასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილმა შეარჩია, პრაქტიკულად, შინაარსს გამოცლილია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები შეაფასა.
მისი თქმით, „ადამიანები, რომლებსაც საქართველოს უკრაინიზაცია და აქ "მაიდნის" მოწყობა სჭირდებათ, უკრაინის მხარდაჭერაზე ასე ხმამაღლა არ უნდა ლაპარაკობდნენ".
„სამწუხაროა, მაგრამ უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის ასეთი ფორმა, რომელიც "ნაცმოძრაობამ" და მასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილმა შეარჩია, არის პრაქტიკულად, შინაარსს გამოცლილი, იმიტომ, რომ იგი დეკლარირებას ახდენს გარკვეული პოზიციისა, რაც ყველას, ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდს უნდა ახასიათებდეს. "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მმართველობამ საფუძველო შეუქმნა უკრაინის მყარი მხარდაჭერის პოლიტიკას ზოგადად. ახლა ადამიანი საუბრობს ამ თემაზე, რომელიც ერთ-ერთ მთავარ სასპეკულაციო თემად სწორედ უკრაინის თემას იღებს. რასაკვირველია, ეს არის გარკვეულ სიყალბესთან და სპეკულაციასთან დაკავშირებული," - განაცხადა ვოლსკიმ.