შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, მიდიოდა ისტერიული კამპანია, რომ ახლა შემოვლენ პროვოკატორები და ქვეყანა ამოტრიალდება, ეს ნარატივი იყო ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად ანგაჟირებული, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, „გაიზარდა თუ არა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლა“.
ლილუაშვილის თქმით, ორწელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს განვითარების ტემპები, მშვიდობიანობის ინდექსი და ყველა ინდექსი გაუმჯობესდა, ქვეყანაში არცერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა, მით უმეტეს, რუსეთიდან, ბელორუსიდან თუ უკრაინიდან შემოსული მოქალაქეების მხრიდან.
„რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, სულ მიდიოდა გაუთავებელი ისტერიული კამპანია, რომ ახლა შემოვლენ პროვოკატორები, აგენტურა, შემოვლენ დივერსიის მომწყობი ხალხი და ქვეყანა ამოტრიალდება. ამ დროს, ორწელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს განვითარების ტემპები და მშვიდობიანობის ინდექსი, ყველა ინდექსი გაუმჯობესდა, ქვეყანაში არცერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა, მით უმეტეს, რუსეთიდან, ბელორუსიდან თუ უკრაინიდან შემოსული მოქალაქეების მხრიდან. ასე რომ, შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ნარატივი იყო ხელოვნურად შექმნილი, პოლიტიკურად ანგაჟირებული. მე ამას ჰიბრიდული ომის ერთ ნაწილად ჩავთვლი. ჰიბრიდული ომი არა მხოლოდ მტრულად განწყობილი სახელმწიფოსგან, არამედ ქვეყნის შიგნითაც შეიძლება, დამოუკიდებლად წარმოებდეს და ქვეყნის გარედანაც იყოს ხელშეწყობილი“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.