ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია ბიძინა ივანიშვილის იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ყიდვას კიდევ ერთხელ აფასებს.
„ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ იოანე ზოსიმე ბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელნაწერები საქართველოში არ შექმნილა, მეთხუთმეტე საუკუნის შემდეგ სინას მთა მოწყვეტილია ქართულ სამყაროს. ანუ, საქართველომ დაკარგა დიდ ქართულ კოლექციებზე ყველანაირი გავლენა და 500 წლის შემდეგ ქართულ სამყაროს უბრუნდება იოანე ზოსიმე.
ვცდილობ, რომ შესაბამისი შედარება ვიპოვე - დაახლოებით ისეთია, შოთა რუსთაველის ხელნაწერი რომ აღმოჩნდეს და საქართველოში რომ დაბრუნდეს. აი რაღაც ამის მსგავსია. ძალიან დიდი რამ არის, რაც საუკუნეებში ერთხელ კი არა, ათასწლეულებში ერთხელ ხდება“, - მიიჩნევს კალანდია.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს სინას მთის კოლექციიდან. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.