დავით კაჭარავა: ევროპის მმართველი ქვეყნების ლიდერებმა წააგეს ევროპარლამენტის არჩევნებში, იმიტომ, რომ მათი პოლიტიკა რეალურად არ ასახავს თავიანთივე ქვეყნების ინტერესებს

დავით კაჭარავა: ევროპის მმართველი ქვეყნების ლიდერებმა წააგეს ევროპარლამენტის არჩევნებში, იმიტომ, რომ მათი პოლიტიკა რეალურად არ ასახავს თავიანთივე ქვეყნების ინტერესებს

„ყოველდღიურად ევროპის დიდი ქვეყნების ლიდერები გვაკრიტიკებენ, არადა თავიანთ ქვეყნებში უფრო მეტი და სერიოზული პრობლემები აქვთ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ. 

მისივე თქმით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ ევროპის ლიდერი ქვეყნების ხელისუფლებებისგან განსხვავებით ხალხი პირველ ადგილზე საკუთარი ქვეყნების ინტერესებს აყენებენ.

„ხალხის ძალასა და არჩევანს ვერცერთი გაერთიანება ვერ შეეწინააღმდეგება. ვერც ვიღაცის გარედან ნათქვამი უარი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით იქნება გადამწყვეტი. ყოველდღიურად ევროპის დიდი ქვეყნების ლიდერები გვაკრიტიკებენ, არადა თავიანთ ქვეყნებში უფრო მეტი და სერიოზული პრობლემები აქვთ. ეს ევროპარლამენტის არჩევნებმაც დაგვანახა. გამოჩნდა რომ გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ავსტრიაში და იტალიაში ხალხი თურმე ისე არ ფიქრობს, როგორც მათი ხელისუფლება. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ მაკრონს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოუწია, შოლცმა კი სრული კრახი განიცადა, ევროპარლამენტარები, რომლებიც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და გვიპირისპირდებოდნენ საერთოდ ვერ მოხვდნენ ევროპარლამენტში. ასე რომ დიდი ტურბულენტობის მოლოდინშია ევროპა და მსოფლიო.

უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს. უკვე ყველა მიხვდა, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენონ პირველ ადგილზე. სხვა საშუალებას თავად ხალხი არ მისცემთ. ეს თვალნათლივ გამოჩნდა ევროპარლამენტში გამართული არჩევნების შედეგების შემდეგ. ევროპის მმართველი ქვეყნების ლიდერებმა წააგეს, იმიტომ რომ მათი პოლიტიკა რეალურად არ ასახავს თავიანთივე ქვეყნების ინტერესებს,“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.