ახლა ჩვენთვის ორი მთავარი პორტფელია მნიშვნელოვანი, ეს არის საგარეო საკითხებში ევროკომისარი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, რომელი ქვეყნები ჩაუდგებიან სათავეში ამ ორ მიმართულებას და რა იქნება, ასე ვთქვათ, მათი მთავარი დღის წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ნაკლებად მოსალოდნელია დღევანდელი გადასახედიდან, რომ გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით რაიმე რადიკალურად შეიცვალოს, თუმცა, თავად პროცესი როგორ წარიმართება, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება უკვე შემდგომ ევროკომისიის შემადგენლობაზე.
„ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა, ძალიან ხშირად იყო ამაზე საუბარი, რომ ის, სავარაუდოდ, მეორე ვადით დაიკავებს ამ პოზიციას. შეიძლება ითქვას, რომ გერმანიაში საკმაოდ დიდი წარმატება მოიპოვა მისმა პოლიტიკურმა ოჯახმა და შესაძლოა ვიფიქროთ, რომ მას ექნება ეს მხარდაჭერა. თუმცა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ არიან სხვა მსურველებიც და, რა თქმა უნდა, ეს გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი და ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, რომელი ქვეყანა რომელი პოლიტიკური ძალის ევროკომისარს დაასახელებს და ვინ იქნებიან ის სახეები, რომლების გარშემოც უნდა ჩამოყალიბდეს ახალი ევროკომისია.
ასევე, რომელ ქვეყანას რა ინტერესი ექნება, რომელი სფერო იქნება პრიორიტეტი, ვისთვის არის მნიშვნელოვანი გაფართოება, საგარეო პოლიტიკა, ან საშინაო საქმეები, ან იუსტიციასთან დაკავშირებული საკითხები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პორტფელებია, რომელიც უნდა განაწილდეს ახლა. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს ამ პროცესში და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასევე პიროვნებები, ვინ დასახელდებიან კომისრების კანდიდატებად. საინტერესოა, როგორ ჩამოყალიბდება ევროკომისია და იქნება თუ არა, ვთქვათ, ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებზე რაიმე ცვლილების შემომტანი ჩვენს ურთიერთობებში ევროკავშირთან.
რა თქმა უნდა, ახლა ჩვენთვის ორი მთავარი პორტფელია მნიშვნელოვანი, ეს არის საგარეო საკითხებში ევროკომისარი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი. რომელი ქვეყნები ჩაუდგებიან სათავეში ამ ორ მიმართულებას და რა იქნება, ასე ვთქვათ, მათი მთავარი დღის წესრიგი, როგორ წარდგებიან ისინი უკვე, რა პროგრამით წარდგებიან ევროპარლამენტის წინაშე და შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში რა იქნება პრიორიტეტები. თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია დღევანდელი გადასახედიდან, რომ გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით რაიმე რადიკალურად შეიცვალოს. თავად პროცესი როგორ წარიმართება, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება უკვე შემდგომ ევროკომისიის შემადგენლობაზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.