გავა კიდევ ცოტა დრო და მთელი საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და გადაწყვეტილებები იყო სწორი, რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული და ის არანაირად არ ეწინააღმდეგება ევროპულ ტრაექტორიას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტში გამართულ არჩევნებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ევროპას სჭირდება უფრო ეფექტიანი დაცვის მექანიზმები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ, საქართველოსაც სჭირდება ასეთი მექანიზმები.
"ევროპარლამენტის არჩევნებმა გამოხატა ევროპელი ხალხის ნება, მათი დამოკიდებულებები და ცხადად გამოჩნდა, რომ განვითარებულ დემოკრატიებში, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში მოქალაქეებმა პირდაპირ დაუჭირეს მხარი იმ პოლიტიკურ პარტიებს და ჯგუფებს, რომლებიც მოქალაქეებს აძლევენ უსაფრთხოების და მშვიდობის გარანტიებს, აძლევენ გარანტიებს უფრო ძლიერი სუვერენიტეტისთვის. მოვა დრო ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას ევროპარლამენტის არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოებაც იქნება იმ ღირებულებების მხარდამჭერი, რომელიც დღეს აქტუალურია ევროპაში.
აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ერთი გარემოება - ნიშანდობლივია ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, სადაც პირდაპირ ისაუბრა უცხოეთის შესაძლო ჩარევის და მისი ქვეყნის პოლიტიკაში გარე ზეგავლენის პრობლემაზე, რაზეც ზუსტად ჩვენ გვაკრიტიკებდნენ ბოლო თვეების განმავლობაში. მაშინაც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, ეს წერია ევროკავშირის ანგარიშებშიც, რომ პოლიტიკაში და დემოკრატიაში უცხოური ზეგავლენა არის გამოწვევა ევროპაში. რაც არის პრობლემა ევროპაში, რა თქმა უნდა, ის პრობლემა და საჭიროებები არის საქართველოშიც. ასე რომ, თუ ევროპას სჭირდება უფრო ეფექტიანი დაცვის მექანიზმები გარე ზეგავლენის, უცხოური ჩარევის წინააღმდეგ, საქართველოსაც სჭირდება ასეთი მექანიზმები," - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა „სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ (S&D) ბლოკი 139 მანდატით. ლიბერალურმა „ევროპულმა განახლებამ“ 22 ადგილი დაკარგა, „მწვანეებმა“ კი 20 და არჩევნებში 80 და 52 მანდატი მოიპოვეს. მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) და “იდენტობა და დემოკრატია” (ID) - 73 და 58 მანდატი. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.