ევროპა დღეს, ერთდროულად განიცდის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ღირებულებით კრიზისებს. არასუვერენული პოლიტიკა; ომის რიტორიკა; სანქციების შედეგად გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა; მიგრანტების კრიზისი; ჩავარდნილი “მწვანე პოლიტიკა” და LGBT იდეოლოგიის პედალირება - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რამაც ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები განაპირობა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების მოსახლეობა ცდილობს თავი დააღწიოს იმ კრიზისებს, რაც მათივე მმართველმა ძალებმა შექმნეს. ასევე, შაქარიშვილის თქმით, ევროპის რიგ ქვეყნებში ხელისუფლების მხარდაჭერის დაბალი მაჩვენებელი, პირველ რიგში, მეტყველებს იმაზე, რომ ევროპელ ხალხს სურს მშვიდობა, მათი მთავრობების პოლიტიკა კი, მხოლოდ ომის რიტორიკაზე დგას.
"ევროპა დღეს, ერთდროულად განიცდის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ღირებულებით კრიზისებს.
არასუვერენული პოლიტიკა; ომის რიტორიკა; სანქციების შედეგად გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა; მიგრანტების კრიზისი; ჩავარდნილი “მწვანე პოლიტიკა” და LGBT იდეოლოგიის პედალირება - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რამაც ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები განაპირობა.
ფაქტია, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების მოსახლეობა ცდილობს თავი დააღწიოს იმ კრიზისებს, რაც მათივე მმართველმა ძალებმა შექმნეს.
უკმაყოფილება იმდენად მაღალია, რომ გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი ყველა პარტია დამარცხდა, კანცლერ შოლცის პარტია საერთოდაც მესამე ადგილზე გავიდა. მაკრონმა კატასტროფული მარცხი განიცადა, რის გამოც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწია. თანამდებობა დატოვა ბელგიის პრემიერ-მინისტრმაც. ავსტრიის მემარჯვენე, ევროსკეპტიკოსმა ძალებმა წარმატებას მიაღწიეს ევროპარლამენტის არჩევნებში და მათი გამარჯვებაა მოსალოდნელი ეროვნულ დონეზეც.
გერმანიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში არსებული ხელისუფლებების მიმართ მხარდაჭერის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, პირველ რიგში მეტყველებს იმაზე, რომ ევროპელ ხალხს სურს - მშვიდობა!
მთავრობების პოლიტიკა კი, მხოლოდ ომის რიტორიკაზე დგას, ემსახურება მის გახანგრძლივებას და საზღვრების გაზრდას. უკრაინის ომში ევროპის ქვეყნების ჩართულობა - იარაღის გაგზავნა, ფულადი დახმარებები, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეს ის მიზეზებია, რამაც დიდი ზიანი მიაყენა მოსახლეობას. მათ გაუძვირდათ კომუნალური გადასახადები, მოიმატა პროდუქტის ფასებმა, დაიკარგა სამუშაო ადგილები. გერმანიის ეკონომიკა, რომელიც არათუ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა იყო, რეცესიას განიცდის.
ფრანგებმა, გერმანელებმა და სხვებმა დასვეს მარტივი კითხვა - რატომ გაუუარესდათ ცხოვრება? პასუხი კი, ის არის, რომ მათი მთავრობები არ ეკუთვნიან საკუთარ თავს და ქვეყანას, არამედ ემსახურებიან აშშ-ის ინტერესებს და სწორედ ეს იწვევს დამღუპველ შედეგებს.
ევროპის მოსახლეობა გრძნობს რომ მათ ქვეყნებს ცეცხლი სულ უფრო უახლოვდება და ამაში მათივე ხელისუფლებების მიერ გატარებული პოლიტიკაა დამნაშავე.
განახლებულ ევროპარლამენტში 19 ადგილი დაკარგეს “მწვანეებმა,” რადგან ე.წ. “მწვანე პოლიტიკა” კრახით დასრულდა, რამაც განსაკუთრებით დააზიანა სოფლის მეურნეობის სფერო და შეარყია ევროპის ეკონომიკური სტაბილურობა.
22 მანდატი დაკარგა ლიბერალების ფრაქციამ “განაახლე ევროპა,” რომლის ნაწილიც იყო მაკრონის პარტია.
ღირებულებით, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისებზე, ევროპელმა ხალხმა პასუხისმგებლობა სწორედ ამ ძალებს დააკისრა. საპირწონედ კი მნიშვნელოვნად გაიზარდა მემარჯვენე-კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლობა ევროპარლამენტში. საერთო ჯამში მემარცხენე-ლიბერალურმა ძალებმა 44 მანდატი დაკარგეს, ხოლო მემარჯვენე-კონსერვატიულმა ჯგუფებმა 50-ით მეტი ადგილი მოიპოვეს.
ცხადია ამით, ყველაფერი ერთბაშად ვერ გამოსწორდება, მაგრამ ეს არის მკაფიო ნიშანი, რომ ისე ვეღარ გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო!
P.S. პარადოქსია, რომ ისეთი პოლიტიკოსები, არიგებენ ჭკუას ქართველ ხალხს, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაშიც კი, აღარ ენდობიან! სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი, მათზე იღებს სწორებას…" - წერს ვატო შაქარიშვილი.