ჩვენ მეგობრობას და პარტნიორობას ვუყურებთ ისე, როგორც უყურებენ ქართველები. ჩვენი მეგობრობა გამოიხატა იმაში, რომ წინა ხაზზე ვიდექით ავღანეთში. სხვა როგორ უყურებს, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ჩვენებურად ვუდგებით ამ საქმეს, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ მონაწილეობდნენ ამერიკელი სამხედროები 26 მაისის აღლუმში, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დეტალური ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით არ აქვს, თუმცა, აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ქართველი ჯარისკაცები ამერიკელებთან ერთად ავღანეთში წინა ხაზზე იბრძოდნენ.
„26 მაისი არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე და აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აღვნიშნოთ ეს დღესასწაული. მნიშვნელოვანია ფიცის დადების ცერემონია და ჩვენი სამხედროების მონაწილეობა. თუკი ვინმე სხვას სურს, რომ ეს ჩვენთან ერთად აღნიშნოს, რა თქმა უნდა ყოველთვის მოხარულები ვართ. თუკი ვინმეს არ სურს აღნიშვნა, არ სურს.
თუკი ვინმესთვის პოლიტიკოსის განცხადება არის საფუძველი, რომ თავისი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ტყვიაზე მიდიოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ავღანეთში, ამ ფორმატში არ აღნიშნონ დამოუკიდებლობის დღე, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ჩვენს დამოკიდებულებას სხვანაირად ვაჩვენებთ - მათ შორის იმით, რომ ტყვიაზე მივდიოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მაშინ, როდესაც ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობა შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა ავღანეთში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.