შალვა პაპუაშვილი: ცოტა გაუგებარია, როდესაც გვესმის შენიშვნები სხვა ქვეყნებისგან, მაშინ, როდესაც იმავე ქვეყნებში უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, ვიდრე საქართველოში

შალვა პაპუაშვილი: ცოტა გაუგებარია, როდესაც გვესმის შენიშვნები სხვა ქვეყნებისგან, მაშინ, როდესაც იმავე ქვეყნებში უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, ვიდრე საქართველოში

ჩვენი ქართული კანონი არის ყველაზე ლიბერალური ამ მიმართულებით არსებულ კანონებს შორის. ჩვენი, ქართული კანონით ყველაზე ნაკლები მოთხოვნა არის წაყენებული სუბიექტების მიმართ. ერთადერთი მოთხოვნა არის - წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციის შევსება და ერთადერთი პასუხისმგებლობა არის - ვინც არ შეავსებს ამ დეკლარაციას, მისთვის ჯარიმა არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებში ანალოგიური კანონმდებლობა გაცილებით მკაცრია და მაგალითად, FARA-ს ანგარიშებში ისიც კი არის აღნიშნული, თუ ვინ ვის დაურეკა. პაპუაშვილი ასევე საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებასაც გამოეხმაურა საქართველოს შესახებ.

„მე ორი რამ ძალიან მაწუხებს ამ რეაქციების დროს. პირველი არის ის, რომ დღემდე ვერავისგან - ვერც ევროპელი და ვერც ამერიკელი ლიდერებისგან ვერ მოვისმინეთ დაპირება, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ბიუჯეტებიდან დახარჯული ფული საქართველოში იქნება გამჭვირვალე. სამწუხაროდ, დღეს ეს ფული არ არის სრულად გამჭვირვალე. ვიცით, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს თუ სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფს და ეს არ არის ცნობილი ჩვენი ხალხისთვის.

და მეორე, როდესაც ზოგან უკვე წლებია მოქმედებს, ზოგან კი ახლახან მიიღეს უფრო მკაცრი კანონი, ვიდრე საქართველოში არის, ეს ნამდვილად გაუგებრობას იწვევს - რასთან გვაქვს საქმე? კიდევ ერთხელ, დღეს საფრანგეთში რომ იყოს ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელსაც აფინანსებს საქართველოს მთავრობა და ფუნქციონირებს საფრანგეთში და „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას მოახდენდა საფრანგეთში, მის მიმართ იქნებოდა უფრო მკაცრი რეგულაციები, ვიდრე გათვალისწინებულია საქართველოში. ამიტომ, ცოტა გაუგებარია, როდესაც გვესმის შენიშვნები სხვა ქვეყნებისგან, მაშინ, როდესაც იმავე ქვეყნებში უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, ვიდრე საქართველოში. იგივე იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ იყოს რომელიმე მედიაორგანიზაცია, რომელიც სრულად იქნებოდა დაფინანსებული სხვა ქვეყნიდან. უფრო მკაცრი რეგულაციები გავრცელდებოდა მასზე, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.