ჩვენ ლოკალურად ვამბობთ, რომ დავუშვათ, თავს დაესხნენ დეპუტატს აეროპორტში, მეორე, პრემიერ-მინისტრს, ეს თავდასხმაა. ეს არის სისტემური, აუცილებლად უნდა გამოიყოს ორგანიზატორი და ამ დესტრუქციას გაეცეს კანონით პასუხი, - ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონმა უნდა დაიწყოს მოქმედება.
ამასთან, მაია ნიკოლეიშვილი აქციებსა და საზოგადოებრივ განწყობებს გამოეხმაურა.
„ის, რომ ეს აქციები იმართება პოლიტიკური პარტიების მიერ, ამაში ორი აზრი არ არის. ამაში თუ ეჭვი გვეპარება, უბრალოდ, კარგად უნდა გადავხედოთ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც იყო დაწყებული, თუნდაც - სერბული ფერადი რევოლუციების ტექნოლოგიები. ისინი გადმოტანილია უფრო ადრე, ანუ, იმ პერიოდში როდესაც აქ არჩევნები არ არის, ლეგიტიმაციის საკითხი არ დგება, მაგრამ ცოტა დროში გაეჭიმათ. აი, ეს არის გადმოტანილი. ეს არის - შეაწუხე, გამოიყვანე მწყობრიდან, როგორღაც ავტორიტეტს ურტყი. აი, ეს ტექნოლოგიაა. ეს არის თანმიმდევრული და რა თქმა უნდა, არ გაჩერდება. იქნება ასეთი ლოკალური ბრწკენები და შეწუხებები, მაგრამ ჩემი აზრით, ამის გაძლება და ატანა თვითონ ქვეყნისთვის ძალიან ძნელია.
ყველა დაძაბულია და არ შეიძლება საზოგადოების ნერვებზე ასე თამაში. არჩევნები არჩევნებია, ქვეყნის ბედი წყდება დღეს, გასაგებია. არჩევებზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქვეყნის ბედი წყდება. ჩვენ თუ ამ ბრწკენა-ბრწკენით, ამ უკულტურობით, ამ ტუტუცობით, მოდით, ვთქვათ პირდაპირ, დავაგლიჯეთ ყველას ნერვები, ვიღა უნდა გავზარდოთ. თითქოს, ამ პლასტმა მთლიანად შეცვალა საზოგადოებრივი ხასიათი, ქართული საზოგადოების ხასიათი. ის სიკეთე, ის ღიმილი რითაც ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით ქუჩაში და გამარჯობას ვეუბნებოდით. თუ კარგად დავაკვირდებით, ეს აღარ არის და ძალიან ცუდია“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.