ლევან ხაბეიშვილს სჭირდება რეაბილიტაცია. აქედან გამომდინარე, შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში, რადგან ყოველდღიურ მუშა რეჟიმში ჩართული ვერ იქნება, ჩვენი წესდების თანახმად, მან ეს პოზიცია თინა ბოკუჩავას შესთავაზა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, თინა ბოკუჩავა პარტიის პირველი ქალი თავმჯდომარე იქნება.
„პირველ რიგში, მინდა ლევან ხაბეიშვილს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მისი თავდადებისთვის, თავგანწირვისთვის, ივანიშვილის რეჟიმთან დაუღალავი ბრძოლისთვის, მაგრამ როგორც დღეს მან თავად მოგახსენათ, ბოლო მოვლენების ფონზე, როდესაც ლევან ხაბეიშვილი პრაქტიკულად გაიტაცეს და ნახევარი საათის განმავლობაში უმოწყალოდ სცემდნენ, მისი ჯანმრთელობა დაზიანდა, მას სჭირდება რეაბილიტაცია, აქედან გამომდინარე, შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში, რადგანაც ვერ იქნება ყოველდღიურ მუშა რეჟიმში ჩართული, ჩვენი წესდების თანახმად, მან ეს პოზიცია შესთავაზა თინა ბოკუჩავას და ჩვენ ამაზე გვქონდა კონსულტაციები. მე დარწმუნებული ვარ, თინა ბოკუჩავა ღირსეულად გაართმევს თავს ამ მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო პოსტს, ჩვენი პარტიის პირველი ქალი თავმჯდომარე იქნება და მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ახალი ბრძოლის, განახლების, „ნაციონალური მოძრაობის გაძლიერების“ შემდეგი ეტაპი“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა პარტიაში სხვა ცვლილებებიც, ცისკარიშვილი პასუხობს, რომ „უახლოეს მომავალში ყრილობა ექნებათ“.
„თუ კი რაიმე ცვლილება დაიგეგმება და ალბათ იქნება, ამ ყრილობასთან ერთად ყველა გავიგებთ. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი ახალი ადამიანი შემოვიდეს, ახალგაზრდები ჩავრთოთ. ბოლო ორმა თვემ ჩვენ გვანახა, თუ როგორი თაობა მოდის საქართველოში, ბევრ მათგანს აინტერესებს პოლიტიკა და არამხოლოდ აინტერესებთ, მათ შეუძლიათ პოლიტიკაში დიდი წვლილის შეტანა, ცვლილებების განხორციელება. ჩვენი დიდი სურვილი იქნებოდა, რომ ეს ადამიანები შემოგვიერთდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. არიან ასეთი სტუდენტები, ახალგაზრდები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც სურვილი აქვთ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.