ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ანტონიო კონტეზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „ნაპოლის“ წამალი სჭირდებოდა და ამაზე უკეთეს არჩევანს ვერ გააკეთებდა.
თუმცა, ტაკინარდის ეჭვი ეპარება იმაში, თუ როგორ მოახერხებს 3-5-2 სქემაში ადაპტირებას ხვიჩა კვარაცხელია.
„კონტეზე უკეთესი წამალი არ არსებობს. ძალიან მაინტერესებს რა იდეები აქვს ანტონიოს, დაურეკავს თუ არა ჯერ კვარას, ოსიმენს და დი ლორენცოს, რომ მათთან დაკავშირებულ სიტუაციაში გაერკვეს.
ვფიქრობ, მისთვის კომფორტული 3-5-2 სქემაა და კვარა ამას როგორ მოერგება? ამ შემთხვევას შეიძლება კვარაცხელია შეეწიროს. ანტონიოსთან როდესაც მუშაობ, თავგანწირვის სულისკვეთება უნდა გქონდეს, მის ვარჯიშებზე ფეხბურთელები ღებინებამდე მიდიან და ამისთვის თუ მზად არ ხარ, ჯობია წახვიდე“, - თქვა ტაკინარდიმ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე და ალესიო ტაკინარდი 1994-2004 წლებში ტურინის „იუვენტუსის“ რიგებში თანაგუნდელები იყვნენ.