„ნაპოლიში“ ანტონიო კონტე მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, 54 წლის სპეციალისტს სურს, რომ ხვიჩა კვარაცხელია შეინარჩუნოს.
ამიტომაც, კლუბი 23 წლის ქართველ შემტევთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე აგრძელებს მუშაობას და პსჟ-ს ინტერესის მიუხედავად, მის გაყიდვას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ასეთი მოცემულობაა.
კონტე სავარაუდოდ, კვარაცხელია მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე მოიაზრებს 3-5-2 სქემაში, ან 3-4-3 სქემაში შეტევის მარცხენა ფლანგზე.
გარდა ამისა, იტალიაში წერენ, რომ კონტეს სატრანსფერო ბაზარზე ორი პრიორიტეტი ჰყავს - „ჩელსის“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუ და „ტორინოს“ ცენტრალური მცველი ალესანდრო ბონჯორნო.
შეგახსენებთ, ანტონიო კონტემ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.