რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ყველა მისი სიტყვა უნდა დავინახოთ იმ ჭრილში, რომ ეს არ არის მისი სიტყვები. მისი სახით გველაპარაკება სხვადასხვა უცხოური ჯგუფი, თუ ძალა - ასე უნდა შევხედოთ, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას.
პაპუაშვილს ჰკითხეს რას ფიქრობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა, დანის ჩარტყმაა ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ყველა მისი სიტყვა უნდა დავინახოთ იმ ჭრილში, რომ ეს არ არის მისი სიტყვები. მისი სახით გველაპარაკება სხვადასხვა უცხოური ჯგუფი, თუ ძალა - ასე უნდა შევხედოთ და ვიფიქროთ ვისი ინტერესები იკვეთება ამ დროს. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ვნახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც თაღლითობაზე არიან გასამართლებულები და პოლიტიკაში არიან, საერთოდ ეს ცალკე პრობლემაა. ვნახეთ, რომ იყო თითქოს ამერიკული ინვესტიციები და აღმოჩნდა, რომ არანაირი ინვესტიცია არ იყო. აღმოჩნდა, რომ მუქთა ფულის შოვნის ცეხი უნდა მოეწყო მამუკა ხაზარაძეს იმისთვის, რომ ქართული მოქალაქეების ხარჯზე ეკეთებინა უშრომლად ფული. ეს ხომ ყველამ იცის, ამას სად გაექცევიან?! როდესაც ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ არ არიან მზად და არანაირი სურვილი არ აქვთ მამუკა ხაზარაძეს მუქთა ფული აშოვნინონ, გარანტირებული მოგება ჰქონდეს მას და მის პარტნიორებს, ამას ვნახეთ რაც მოჰყვა.
ტენდერი იყო ღია, ყველას შეეძლო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოს მთავრობას ჰქონდა პროაქტიულად მცდელობები, რომ ყველასთან - ყველა დიდ ქვეყანასთან ჰქონოდა ამ საკითხზე მსჯელობა - აშშ-თან, ევროპასთან, წაეხალისებინათ თავიანთი ბიზნესები, რომ ჩაედოთ ამ პროექტში ფული და ყოფილიყვნენ ინვესტორები. ამის მექანიზმი ყველა სახელმწიფოს აქვს, რომ წაახალისონ ბიზნესი. ვნახეთ, რომ ეს ინტერესი არ იყო. იყო ღია ტენდერი და ვნახეთ საბოლოო ჯამში, რომ ერთი კომპანიაა, რომელმაც მიიღო მონაწილეობა. არის ერთ-ერთი უმსხვილესი და გამოცდილი კომპანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ჩინური კომპანია, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ აღმოსავლეთის და აზიის დამაკავშირებელ გზაზე და ეს გზა უპირველეს ყოვლისა, ჩინეთს ევროპასთან და ევროპას ჩინეთთან. ეს არის ის წყარო ტვირთებისა, საიდანაც უნდა წამოვიდეს ტვირთები დერეფანში, ამიტომ მე ის მიკვირს, რომ ამას ვერ აცნობიერებენ ადამიანები და კიდევ ერთხელ ცდილობენ ხალხს ნაცარი შეაყარონ თვალში ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.