პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა 17-მა პარტიამ და 5-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. სალომე ზურაბიშვილმა მათთვის ორბელიანების სასახლეში მიღება გამართა და განაცხადა, რომ ეს არის ერთობის ფორმულა, რომელიც ვალდებულებების ირგვლივ გაერთიანებას გულისხმობს.
ქარტიის ხელმომწერი პარტიები აცხადებენ, რომ მიზანი, რის გამოც მათ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს, არის ევროკავშირში გაწევრიანება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ყველგან, სადაც ერთობაზე იქნება საუბარი.
"ნაციონალური მოძრაობა" იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება. ჩვენ გვესმის, რომ ეს არ იქნება პარტიული არჩევნები, ეს იქნება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის, ხალხის მომავალს. ამიტომ, ჩვენ ყველა ბიუროკრატიული საქმიანობა გადადებული გვაქვს ფაქტობრივად გვერდზე, იმისთვის რომ ვემსახუროთ. ჩვენ მომხრე ვართ ერთიანობის, თუმცა ცხადია, არ ვაპირებთ ვინმესთან კონფლიქტში შესვლას, ვისაც აქვს სხვა პოზიცია, უბრალოდ მნიშვნელოვანია რომ შევჯერდეთ ამ პოზიციებზე. შევჯერდებით დარწმუნებული ვარ და საბოლოო ჯამში. ერთობლივი ფრონტით დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელს არ აწერენ "გირჩი" და გახარიას გუნდი.