პაატა კვიჟინაძე: სალომე ზურაბიშვილს უნდა გააშავოს მთავრობა, არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები არის მავნებლური - ეს კანონი არის წარმატებული

პაატა კვიჟინაძე: სალომე ზურაბიშვილს უნდა გააშავოს მთავრობა, არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები არის მავნებლური - ეს კანონი არის წარმატებული

სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია არ აკეთებს პრეზიდენტის განცხადებებს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის განცხადებები, რომ დააზიანოს მმართველი გუნდი და ქვეყანა, ეს კანონი [„დაგროვებითი პენსიის შესახებ“] არის წარმატებული - ასე უპასუხა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ საპენსიო ფონდთან დაკავშირებული ცვლილება „ძალიან მავნებლურია“.

როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, ცვლილებები არ ეხება ფონდის მართვას, უბრალოდ ორი საბჭოს ნაცვლად იქმნება ერთი საბჭო.

„სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია არ აკეთებს პრეზიდენტის განცხადებებს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის განცხადებები, რომ დააზიანოს მმართველი გუნდი და ქვეყანა.

როცა ჩვენ ეს კანონი მივიღეთ, იყო ევროპული ვარიანტი. არცერთ ოპოზიციონერს მხარი არ დაუჭერია და ყოველთვის აკრიტიკებდნენ. ჩვენ ვართ ამ კანონზე პასუხისმგებლები. 6 წელი გავიდა და შეიძლება უკეთესობისკენ წავიდეთ. მთავარი, რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს არის ის, რომ, ჩვენ არ ვეხებით მართვას”, - აღნიშნა კვიჟინაძემ.

ამასთან, მან განმარტა, რას ითვალისწინებს დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები.

„დღეის მდგომარეობით, არსებობს ორი საბჭო, ერთი არის საზედამხედველო საბჭო, მთავარი საბჭო, რომელიც მინისტრებითაა დაკომპლექტებული, მეტი მთავრობა რაღა უნდა იყოს, 4 კაციდან 3 მინისტრია?! - მეორე იყო საინვესტიციო საბჭო. ამ ცვლილებით, უქმდება ორივე საბჭო და იქნება ერთი საბჭო, რომ ერთმანეთის ფუნქციებში არ შევიდნენ. მინისტრები ამ საბჭოში აღარ იქნებიან და კომისია წარმოადგენს კანდიდატებს, როგორც აქამდე წარმოადგენდა. ახლა, რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები არ არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის გადაწყვეტილება, რომლის მიზანი, როგორც ყოველთვის, არის დააზიანოს მმართველი გუნდი და ქვეყანა. რაც უფრო ცუდად იქნება საქმე, უფრო მეტი შანსია რომ მოიგონ. ამას აღარც მალავს, გამოდის და ამბობს, რომ ვარ ლიდერი და უნდა გავიმარჯვოთ. თუ მთავრობა კარგად მუშაობს, როგორ გაიმარჯვებს, უნდა გააშავოს მთავრობა. მას არ აქვს საფუძველი, რომ იფიქროს, რომ ეს ცვლილებები არის მავნებლური. არცერთ კანონზე, რომელზეც ბოლო პერიოდია საუბრობს, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, იმიტომ არის, რომ მოტივირებული შენიშვნებიც არ აქვს ხოლმე. ეს კანონი არის წარმატებული. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ლიდერი ვარ ოპოზიციისო, მე უნდა წაგიყვანოთო, აბა რას იტყვის? მთელი ეს პერიოდი უნდა ისაუბროს იმაზე, რა ცუდია კანონები, ხელისუფლება, სხვანაირად როგორ უნდა თქვას?!“, -განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპენსიო ფონდთან დაკავშირებული ცვლილება „ძალიან მავნებლურია“. მისივე თქმით,

მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. “ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება თავად კანონპროექტს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით,“საპენსიო სააგენტოს“ სახელი შეიცვლება დასახელებით - „საპენსიო ფონდი“. კანონის პროექტის თანახმად, იცვლება მმართველობითი სისტემა - კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად, ერთი ორგანო “მმართველობითი საბჭო“ იქმნება. პროექტის გათვალისწინებით, საპენსიო ფონდის მმართველი საბჭო არანაკლებ 9, მაქსიმუმ კი 15 წევრისგან უნდა შედგებოდეს. 9 წევრის შემთხვევაში 1 თანამდებობრივი წევრია, ხოლო 9-ზე მეტის შემთხვევაში - 2 თანამდებობრივი წევრი. ამავე კანონპროექტით განისაზღვრა სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის წესი, აღნიშნულის განხორციელება „საპენსიო ფონდის“ საინვესტიციო კომიტეტს დაეკისრა, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის წესით შეარჩევს. შერჩევის მოთხოვნებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. ამავე მუხლში ეროვნულ ბანკთან სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების დადებაზე გადაწყვეტილების მიღება მმართველობით საბჭოს დაექვემდებარა. კანონპროექტის ერთ-ერთი ნაწილის თანახმად, საპენსიო ფონდში თანხების გადანაწილება შესაძლებელი იქნება პროექტების ფინანსირებაზე; იზრდება ლიმიტებიც, მაგალითად დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 15%-იანი ლიმიტი, იზრდება 20%-მდე, ხოლო მაღალპროცენტიანი საინვესტიციო პორტფელი 25%-მდე. გარდა ამისა, იზრდება “საპენსიო ფონდის“ მართვის საკომისიოც 0.5%-დან 0.75%-მდე.