ვნახეთ ძალიან სამწუხარო ფაქტი, როდესაც გერმანიის კანცლერის განცხადება, რომელიც ეხებოდა ვიწროდ გერმანულ კონტექსტს, გერმანიის ელჩმა სამწუხაროდ კონტექსტის გარეშე მოიყვანა, რაც იქცა შემდეგ დეზინფორმაციის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვნახეთ ძალიან სამწუხარო ფაქტი, როდესაც გერმანიის კანცლერის განცხადება, რომელიც ეხებოდა ვიწროდ გერმანულ კონტექსტს, კონკრეტული ადამიანის მკვლელობას, ერთ-ერთი გერმანელი პოლიტიკოსის და გერმანიაში არსებულ სიტუაციას, რომელიც ძალადობასთან არის დაკავშირებული. 60 ათასზე მეტი პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული იქნა ჩადენილი გერმანიაში შარშან და ეს ეხებოდა იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ამ მხრივ აქვს გერმანიას. გერმანიის ელჩმა სამწუხაროდ კონტექსტის გარეშე მოიყვანა ეს [შოლცის] ციტატა, რაც იქცა შემდეგ დეზინფორმაციის საფუძველი და ვნახეთ, რომ ოპოზიციის კუთვნილმა მედიამ გააშუქა ეს როგორც კანცლერის სიტყვები საქართველოსთან დაკავშირებით.
ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია. მე უბრალოდ ძალიან ვწუხვარ, რომ ნახა ეს გერმანიის საელჩომ, მათ შორის ელჩიც იყო მონიშნული ამ ინფორმაციებში, რომელსაც მედია ავრცელებდა და ამაზე რეაგირება არ ჰქონიათ. თავისი წაყრუებით [საელჩომ] ხელი შეუყო დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოსთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება 9 პუნქტის სულისკვეთებას, როდესაც მოლოდინი არის რომ დეზინფორმაცია იყოს შეზღუდული. სამწუხაროა, რომ თავად ეს ციტატა კანცლერის, ელჩის მხრიდან მანიპულაციურად გავრცელდა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო და მეორე, ვფიქრობ საელჩო აუცილებლად დაინახავდა, რომ ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატა შემდეგ უკვე დეზინფორმაციად გადაკეთდა ოპოზიციური მედიის მხრიდან. ფაქტობრივად შექმნეს თემა, რაც არ არსებობდა და ამაზე ნული რეაგირება აქვს გერმანიის საელჩოს, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა, ვინაიდან ეს ახალისებს, ხელს უწყობს დეზინფორმაციის წყაროს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.