დავით ქართველიშვილი: ჩეხოვს აქვს ერთი მოთხრობა, რომელიც დღეს პროზექტურის ბუზივით, ერთი ერთში აჯდება ოპოზიციის ბირკიან ტერფს, ანუ

დავით ქართველიშვილი: ჩეხოვს აქვს ერთი მოთხრობა, რომელიც დღეს პროზექტურის ბუზივით, ერთი ერთში აჯდება ოპოზიციის ბირკიან ტერფს, ანუ "ლოკალური ომის ქარტიას"

პარტია „ხალხის ძალის“  წევრი დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის შექმნილ ქარტიას აფასებს. ქართველიშვილი  ქარტიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ჩეხოვის ერთ-ერთ მოთხრობას ადარებს და მოთხრობის საკუთარ ვერსიას წერს, სადაც მთავარი გმირები სალომე ზურაბიშვილი და ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიცია არიან.

„ჩეხოვს აქვს ერთი მოთხრობა, რომელიც დღეს პროზექტურის ბუზივით, ერთი ერთში აჯდება ოპოზიციის ბირკიან ტერფს, ანუ "ლოკალური ომის ქარტიას". მისი ჩემებური "ქავერი" მგონი, ასევე კარგად იკითხება. მაშ ასე:

"გვიან საღამოს სახლში მიმავალ ზურაბიშვილს გზაში გაახსენდა, რომ ოფისში გასაღები დარჩენია. ორბელიანების სასახლეში დაბრუნებულს, ფანჯრებში გავარვარებული სინათლე დახვდა.

"ვინ უნდა იყოს ნეტავ, ასე გვიან, თანაც უჩემოდ?“ - გაიფიქრა ქალბატონმა სალომემ და ფანჯარაში შეიხედა.

სხდომათა ოთახის გრძელ მაგიდასთან ისხდნენ ბურჯანაძე, ბესელია, დავითაია და ქარდავა. მათ გაოფლიანებულ სახეებს აზარტის კვალი ეტყობოდა, ხოლო გამოყენებული სფეციფიკური ტერმინოლოგიიდან, ზურაბიშვილი მიხვდა - რომ წესით ბანქოს რომელიღაც სახეობას თამაშობდნენ, თუმცა რომელს - ვერა და ვერ ვხვდებოდა, პრეფერანსისა და ჯოკერის რაღაც გაუგებარი ნაზავი უნდა ყოფილიყო.

„რას ჩამოდიხარ, შეჩემა - უბრიალებდა ქარდავას თვალებს დავითაია - მაგის ჩამოსვლა იქნებოდა? ხელზე ჭიჭე ვაშაძე, საბაბუაძე და გირჩი მიჭირავს, შენ კიდევ თაკოს ჩამოდიხარ? ხოდა დავრჩით „ბეზ დვუხ“! გეგელიათი უნდა შემოსულიყავი ან ჯანდაბას, მაჭუტაძეთი მაინც!“.

„და ამით რა იქნებოდა?“ - არ შეარჩინა პარტნიორს ქარდავამ - ჩამოვიდოდი მაჭუტაძეს და ბურჯანაძეს ხელზე ხატია ყავს დეკანოიძე და სალომე!“

„მე რა შუაში ვარ?“ - გაიფიქრა ზურაბიშვილმა და უფრო მოხერხებულად აიწია ფანჯრის რაფაზე.

მაგიდაზე კი კვლავ კარტი დარიგდა.

„კანონი და სამართლიანობა“ - გამოაცხადა ბურჯანაძემ.

„ძალა ერთობაშია“ - თქვა ბესელიამ.

„მიზერი“ - მოულოდნელად გამოაცხადა ქარდავამ

„გავიხსნათ“ - ბრძანა დავითაიამ - „დავაი, გოცირიძეთი შემოდი“

„გოცირიძე შემოვინახოთ, მაქარაშვილს შემოვაგდებ“ - შეეწინააღმდეგა ანზოროვნა...

„ეხლა რა ვქნათ? სალომეთი ხომ არ ვცადოთ? თუ აპასნია?“ - იკითხა ბესელიამ.

„მე რა შუაში ვარ?“ - კვლავ გაიკვირვა ზურაბიშვილმა, ვეღარ მოითმინა და ფანჯრიდანვე ჩამოხტა სათათბირო ოთახში...

მაგიდაზე მას გაშლილი კარტები დახვდა, ოღონდ ჩვეული ბანქოს მაგივრად - "ქარტიის" ხელმომწერ ოპოზიციის წევრთა ფოტოსურათები. ყვავის ექვსიანი - მაქარაშვილი, გულის შვიდიანი - საბაბუაძე, ჯვრის დამა - წითლიძე, აგურის დამა - ზურაბიშვილი და ა.შ.

„მე კი მეგონა საერთო სიებზე მუშაობდით“ - ნიშნის მოგებით უსაყვედურა კარტიოჟნიკებს სალომემ...

„აბა, ადექი ბიჭო“ - უცებ უბრძანა ოფისის მეპატრონემ ქარდავას, - დავაი დაარიგეთ, ოღონდ ჯოკრები? ჯოკრები მაინტერესებს, ვინ არიან?“

„იასნია ვინ, ქალბატონო სალომე, როგორც ყოველთვის NDI-ს კვლევების მიხედვით - ბაქრაძე და ლომჯარია“ - გაუღიმა დავითაიამ და თამაში განახლდა..."“- წერს ქართველიშვილი.