კანადის სადაზვერვო სამსახურებმა ინფორმაცია შეაგროვეს იმის შესახებ, რომ ზოგიერთი კანადელი დეპუტატი და სენატორი უცხოურ მთავრობებთან თანამშრომლობს. ინფორმაციას ამის შესახებ კანადური გაზეთი The Globe and Mail-ი ავრცელებს.
უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ზოგიერთი კანადელი პოლიტიკოსი უცხო ძალებთან თანამშრომლობს, რაც შეიძლება უკანონო ქმედება იყოს.
„სამწუხაროდ, კომიტეტმა ასევე იხილა შემაშფოთებელი სადაზვერვო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი პარლამენტარი, სადაზვერვო სამსახურების სიტყვებით, არის ნახევრად შეგნებულად ან შეგნებულად მონაწილეობს უცხო სახელმწიფოების ძალისხმევაში ჩაერიონ ჩვენს პოლიტიკაში“, - ნათქვამია პარლამენტარების ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პარლამენტარები ხშირად ურთიერთობენ უცხოურ მისიებთან პოლიტიკური კამპანიის დაწყებამდე ან მის დროს, რათა მიიღონ მხარდაჭერა სათემო ჯგუფებისგან ან ბიზნესისგან, რომლებსაც დიპლომატიური მისიები ჰპირდებიან.
ზოგიერთი პარლამენტარი ასევე „შეგნებულად იღებს ფინანსებს ან სარგებელს უცხოური მისიებისგან“.
გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტარი „უცხოელი ოფიციალური პირების თხოვნას ან მითითებას ასრულებს, რათა გავლენა მოახდინოს პარლამენტში კოლეგებზე ან საპარლამენტო საქმიანობაზე უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ“.
კანადაში უცხოური ჩარევა ნიშნავს საზოგადოებრივ აზრზე, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებზე ან არჩევნებზე და სხვა პოლიტიკურ შინაარსზე ზემოქმედების მცდელობებს ფარული, იძულებითი ან შეცდომაში შემყვანი გზით.