რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო განუხრელად ემხრობოდა და ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და ხანგრძლივვადიანი მშვიდობის მიღწევისაკენ, - ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო გამოთქვამდა და გამოთქვამს მზაობას, ხელი შეუწყოს მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც მთელი რეგიონის ინტერესშია.
„2023 წლის 26-27 ოქტომბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები რჩებიან საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორებად, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას აკავშირებს რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტები. სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის რჩება მნიშვნელოვან რეგიონულ ფორმატად, რომლის ფარგლებშიც საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა
შეხვედრები სხვადასხვა უწყებას შორის. მიმდინარე წლის 26 იანვარს ასევე ხელი მოეწერა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. აღსანიშნავია, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში არიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შეხვედრები არ გამართულა, მაგრამ გაიმართა ექსპერტების შეხვედრები, რომლებზეც განხილულ იქნა პოზიციები. სომხეთსა და აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის საკითხი ასევე წარმოადგენდა ქვეყნებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების დღის წესრიგის ნაწილს. საანგარიშო პერიოდი გამოირჩეოდა მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრების/ვიზიტების ინტენსივობით როგორც ჩვენი მხრიდან სომხეთის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკაში, ისე ამავე ქვეყნებიდან საქართველოში“, - აღნიშნულია პრემიერის ანგარიშში.