ქართული მხარე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების კუთხით, - ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალური იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული გამოწვევები.
„ინტენსიურად ხორციელდებოდა კონსულტაციები ევროკომისიასთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით საქართველოსთვის გათვალისწინებული საფლაგმანო ინიციატივების განხორცილების ხელშეწყობის კუთხით. მიმდინარეობდა მუშაობა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტზე, რომელთა შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, შავი ზღვის ინტერნეტკაბელი, შავ ზღვაზე საბორნე გადაზიდვების ინტენსიფიკაცია და საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც მიმდინარე სამუშაოების ნაწილია. ევროკავშირის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებთან მეტი თავსებადობის მისაღწევად, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ევროკავშირის ჩარჩოპროგრამებსა და სპეციალიზებულ სააგენტოებში ჩართულობის გაზრდის კუთხით. საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა ევროკავშირთან მუშაობა ევროპულ სატრანსპორტო გაერთიანებაში საქართველოს სრულფასოვან გაწევრიანებაზე. გაგრძელდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის აქტიური თანამშრომლობა/კონსულტაციები ევროკომისიასთან, ისევე, როგორც წევრ ქვეყნებთან (მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე რეადმისიის შეთანხმების განხორციელების კუთხით (რომელიც მაღალ ნიშნულზეა) და საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების მიზნით (საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს ევროკავშირის/შენგენის ზონის 17 ქვეყანა − 2023 წლის დეკემბერში გერმანიამ საქართველო აღიარა უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად)).
ევროკომისიის უკანასკნელი შეფასების თანახმად, საქართველო წარმატებით ასრულებს თანამშრომლობის ყველა შესაბამის პუნქტს, რაც უვიზო რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების გარანტს წარმოადგენს. საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, მომზადდა და 2024 წლის 30 აპრილს ევროკომისიას მიეწოდა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესრულების ანგარიში.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის პარალელურად, მიმდინარეობდა კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება გაწევრიანების გზაზე, მათ მიერ შეძენილი გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით, ამ კუთხით, მნიშნველოვანია 2023 წლის 3 ოქტომბერს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა) საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ვიზიტი.
საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. საანგარიშო პერიოდში გამოყენებულ იქნა ყველა დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტი საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხების აქტიურად დაყენებისთვის. საქართველოს დელეგაცია აქტიურად და კონსტრუქციულად იყო ჩართული მოლაპარაკებების ფორმატებში − ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამი რაუნდი − 58-ე, 59-ე და მე-60. მოლაპარაკებების ფარგლებში, განსახილველ მთავარ საკითხებს წარმოადგენდა.
ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნება. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა ინტენსიური მუშაობა და კონსულტაციები თანათავმჯდომარებსა და აშშ-სთან. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 7 შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ყველა ის საკითხი, რაც დღესდღეობით მწვავედ დგას ადგილზე. ქართული მხარე კვლავ აქტიურად აყენებდა ყველა შესაბამის ფორმატში გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობოდ და ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად აღდგენის საკითხს ყველა შესაბამის ფორმატში. მუდმივ რეჟიმში ხდებოდა პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება ადგილზე შექმნილ რთულ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები აქტიურად იყო დასმული და განხილული ორმხრივ ფორმატში გამართული ვიზიტებისას, ყველა დონის შეხვედრაზე, პოლიტიკური კონსულტაციებისას. ასევე ეფექტიანად იყო გამოყენებული საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ფორმატები, მათ შორის: გაეროს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და მისი ძირითადი კომიტეტებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატები; ეუთოს მინისტერიალი, მუდმივი საბჭო, საპარლამენტო ასამბლეა, უსაფრთხოების მიმოხილვის ყოველწლიური კონფერენცია, ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენცია; ევროსაბჭოს სამიტი, მინისტერიალი, მინისტრთა კომიტეტი, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი, საპარლამენტო ასამბლეა, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი; ევროკავშირისა და ნატოს სხვადასხვა ფორმატის სხდომები/შეხვედრები.
ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალური იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული გამოწვევები. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ადგილი ჰქონდა მკაფიო საჯარო მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და გამოხმაურებას რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, რაც აისახა ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტში.
ქართული მხარე განაგრძობდა აქტიურ თანამშრომლობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. საქართველო ყველა დონეზე აყენებდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის აუცილებლობას, რასაც მისიის მანდატი ითვალისწინებს. ქართული მხარე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების კუთხით“, - აღნიშნულია პრემიერის ანგარიშში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 28 ივნისს წარდგება.