გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. კარგი იქნება, ახლა ბოლომდე შევინარჩუნოთ და ამბიციებმა არ გადაგვძლიოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, თუ სამართლებრივი და საარჩევნო სისტემის რეფორმები არ მოხდება, მუდამ ერთ წრეზე ვივლით.
„ცხადია, პროპაგანდაც ჩამოინგრა და თავად „ქართული ოცნება“ არის უკვე ჩამონგრეული იმიტომ, რომ ოჯახებში უკვე განხეთქილებებია, არ ეთანხმებიან ადამიანები. ზოგიერთის შვილი გულწრფელად არ ეთანხმება საქართველოს უკუსვლას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია. გარდა ამ ერთობისა, რაც მემორანდუმში წერია, ეს ძალიან საინტერესოა. ამაზე ყველა პარტია ვსაუბრობდით ადრე. გახსოვთ, 2 წლის წინაც მსგავსი სურვილი იყო. ეს არის რეფორმები. თუ სამართლებრივი და საარჩევნო სისტემის რეფორმები არ მოხდება, მუდამ ერთ წრეზე ვივლით. გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. კარგი იქნება, ახლა ბოლომდე შევინარჩუნოთ და ამბიციებმა არ გადაგვძლიოს. ჩვენ ვიცით, რომ დღეს არჩევანი არ არსებობს - არის რუსეთი და საქართველოს არსებობა. ვექტორულ ცვლაზეა 21-ე საუკუნეში საუბარი. ამას საკუთარ თავს როგორ ვაპატიებთ, რომ ასეთი რამ დაგვემართოს და ლენინის გზით ვიაროთ, ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან. სირცხვილია უბრალოდ“,-განაცხადა ჩარკვიანმა.