ახლა უკვე პრაქტიკაში ვნახავთ იმ ავტორიტარულ მეთოდებს, რომლითაც „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას აპირებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ხელმოწერა შეაფასა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საზოგადოება დაინახავს არა მხოლოდ მესამე სექტორის შევიწროებას, არამედ იმ სერვისების შეზღუდვას, რომელსაც მოქალაქეები სამოქალაქო საზოგადოებიდან იღებდნენ.
„ბუნებრივია, რომ ძალიან მალე, ჩვენი ხალხი დაინახავს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროებას ამ კანონიდან გამომდინარე, არამედ იმ სერვისების შეზღუდვას, რომელსაც თითოეული მოქალაქე იღებდა სამოქალაქო საზოგადოებიდან, მათ შორის, კრიტიკული მედიიდან, რომელიც კორუფციაზე, უკანონობაზე, უფლებების დარღვევაზე ღიად და ხმამაღლა საუბრობდა. ეს კანონი რომ არის ძალაუფლების შენარჩუნების ავტორიტარული გზა, ამაზე დიდი ხანია ღიად არის შეფასება გაკეთებული, ახლა უკვე პრაქტიკაში ვნახავთ იმ ავტორიტარულ მეთოდებს, რომლითაც "ქართული ოცნება" აპირებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ასევე ვნახავთ წინააღმდეგობას, როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე მოქალაქეების. ვნახავთ, ჩვენი მეგობრების, დასავლეთის მხარდაჭერას ამ ავტორიტარული ცვლილებების მიუხედავად," - განაცხადა აქუბარდიამ.