„ნაცების“ ბელადმა დაკარგა ავტორიტეტი ამ უსამშობლოებში - ფაქტია, რომ სააკაშვილი არ აინტერესებთ და უფრო მეტიც, ამ რადიკალებისთვის წამგებიანია სააკაშვილის ხსენება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ოპოზიციის ერთიან სიებთან დაკავშირებით.
ზარქუას თქმით, „ბელადის იდეას, რომ გაერთიანებული სია იყოს“, ის პირადად მიესალმება.
„ნაცების“ ბელადმა დაკარგა ავტორიტეტი ამ უსამშობლოებში. პერიოდულად, თავს გვახსენებს ხოლმე თავისი შემოძახილებით ან წერილით. ფაქტია, რომ სააკაშვილი არ აინტერესებთ და უფრო მეტიც, ამ რადიკალებისთვის წამგებიანია სააკაშვილის ხსენება. ის მაინც იბრძვის. დანარჩენი ვის რაში აინტერესებს ახლა სააკაშვილი.
რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ბელადის იდეას, რომ გაერთიანებული სია იყოს, პირადად მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მარტივი იყოს არჩევანის გაკეთება”,- აღნიშნა ზარქუამ.
ამასთან, ირაკლი ზარქუამ უპასუხა შეკითხვას, ელოდება თუ არა სანქციებს აშშ-ს მხრიდან და აღნიშნა, რომ „არა“.
„სანქციებს არ ველოდები, იმიტომ, რომ შეუძლებელია ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით, რომელიც სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის ნებას იცავს, ამის გამო აშშ-მა დამასანქციროს. ამით კიდევ ერთხელ ცხადი იქნება, რომ რაღაცა იქ არ არის მთლად დემოკრატიული, პრობლემა აქვთ და არ მგონია, ამ დონეზე დაეცეს აშშ. მეორე კვირაა ეს კანონი მივიღეთ და რეაგირება იქნებოდა. თუ იქნება სანქციები, არ ვიცი ამას მოქალაქეებს როგორ აუხსნიან. სანქციების შემთხვევაში, პირადად ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შევასრულე ამ ქვეყანაზე ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტრადიციების დაცვისთვის. ამით ხალხში ავტორიტეტი და პატივისცემა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ზარქუამ.
გარდა ამისა, ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებდა დეპუტატი იმას, რომ შესაძლებელია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ზარქუამ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს უნდა, „რეკლამა გაიკეთოს“.
„მადამ პრეზიდენტი დიდი ხანია კონსტიტუციის მიღმაა. ახლაც გამოგვიცხადა, რომ პოლიტიკაში მიდის არადა, ჩვენ ეს კანდიდატი შევარჩიეთ იმიტომ, რომ აპოლიტიკური ყოფილიყო. მაგრამ ასე, ჯიუტად პოლიტიკაშია. ის არასდროს არ ყოფილა ქართველი ხალხის და ქართველი საზოგადოების ინტერესების დამცველი. როგორც აღმოჩნდა, ის არის დაკვეთების შემსრულებელი. ამას ვხედავთ დანარჩენ უსამშობლოებთან ერთად.
რაც შეეხება საკონსტიტუციო დავას, ეს ხელმოცარული პრეზიდენტი რას იზამს ახლა, რეკლამა უნდა გაიკეთოს. მაგრამ პრინციპში, ორივე ერთნი არიან. ერთ ორგანიზაციებს და დონორებს ემსახურებიან და არა ქართულ საზოგადოებას. ცალ-ცალკე რა მნიშვნელობა აქვს? სადაც იქნება განხილვა, შეიარაღებულები ვართ შესაბამისი არგუმენტებით და ვიდავებთ სადაც საჭიროა. დარწმუნებული ვარ, მორიგ ჯერზე, როგორც მადამ პრეზიდენტმა წააგო და აღიარა, რომ კონსტიტუციის დამრღვევია, ანალოგიურად არასამთავრობო სექტორიც დარწმუნდება, რომ დიახ, გამჭვირვალობა ევროპულია, საქართველოს ინტერესშია. ხოლო დაფარული არის მიუღებელი და რუსული”,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.