პრემიერმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა

პრემიერმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა. დოკუმენტი, რომელიც დღეს ბიუროს სხდომას წარედგინა, 171 გვერდისგან შედგება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ურყევად ახორციელებს ქვეყნის დემოკრატიული, მდგრადი და მშვიდობიანი განვითარების დღის წესრიგს და ატარებს მნიშვნელოვან რეფორმებს სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული მიზნების ეფექტიანად რეალიზებისთვის.

ანგარიშში წერია, რომ ქვეყნის ინსტიტუციური გაძლიერება უწყვეტად გრძელდება სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოების გაძლიერებას, სოციალური პოლიტიკის განვითარებას, კარგი მმართველობის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებას.

„2023 წელს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი. აღნიშნულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაშიც დიდი როლი ითამაშა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის ფარგლებში კონკრეტული რეფორმების გასატარებლად საქართველოს მიერ გაწეულმა ძალისხმევამ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.

„საანგარიშო პერიოდში აქტიურად გაგრძელდა ყველა დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხების აქტიურად დაყენებისთვის.

ქართული მხარე აგრძელებდა ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული დაბრუნების მიმართულებით. მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით.

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. მიღებულ იქნა თავდაცვის კოდექსი, რომლის საფუძველზე შეიქმნა ერთიანი სამართლებრივი ჩარჩო − ის არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სამსახურს, აწესებს სამხედროების სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტიებს, ქმნის თავდაცვის ორგანიზებისა და ნატო-სთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებს. საქართველო წარმატებით გადავიდა ნატო-სთან თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ მექანიზმზე, ინდივიდუალურად მორგებულ პარტნიორობის პროგრამაზე. 2023 წელს ევროპული საბჭოს მიერ გამოცემული (CFSP) 2023/920 გადაწყვეტილებით დამტკიცდა „ევროპული სამშვიდობო მექანიზმის“ (European Peace Facility) 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები“. ამასთან, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის გამარტივდა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში საუბარია ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც.

„საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა და ევროპისა და რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა. 2021-2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, მაღალი ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა − გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ პოზიტიური ტენდენციებით დაიწყო 2024 წელი − პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.8 პროცენტი შეადგინა. 2023 წელს საქართველოში ინფლაცია ნაკლები იყო როგორც კანდიდატი ქვეყნების, ასევე ევროზონის საშუალო ინფლაციაზე. 2023 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა ასევე აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე − დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი.

საქართველოს მთავრობა განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმებით წარმატებით აგრძელებს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებასა და ხარისხიან სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმის, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემის (DRG) ამოქმედების შედეგად, 2023 წლის ბოლოსთვის სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27 პროცენტიდან 12 პროცენტამდე შემცირდა. 2023 წელს ამოქმედდა მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემა, რასაც დადებითი ეფექტი ჰქონდა როგორც მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, ასევე ფარმაცევტულ სექტორში კონკურენციის ბალანსირებაზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 95 პროცენტი“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია განათლების სისტემის რეფორმაზე.

„გადამუშავდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელო- საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობასა და ხარისხის გაუმჯობესებას. ზოგადი განათლების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსება 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, გაზრდილია 322.68 მლნ ლარით და შეადგენს 1,972.65 მლნ ლარს. რაც შეეხება უმაღლესი განათლების დაფინანსებას, 2020 წელთან შედარებით გაზრდილია 26 პროცენტით და შეადგენს 181.3 მლნ ლარს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამ ანგარიშს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს პირადად 28 ივნისს წარუდგენს.