„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოფხიზლების უებარი წამალი გამოდგა ქვეყნისთვის. აქამდე საზოგადოებას ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, საით მიდიოდა მათი ხელისუფლება. ამ კანონმა რაღაცნაირად მაღვიძარას ეფექტი შეასრულა და ეს პოზიტიურად უნდა გამოვიყენოთ, - ამის შესახებ პარტია “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ხვიჩიას თქმით, ამ კანონს მოქმედების დიდი ხანი არ უწერია.
„ამ კანონს მოქმედების დიდი ხანი არ უწერია. აქედან გამომდინარე, ვერ მოასწრებს იმ საზიანო შედეგების მოტანას, რაც შეუძლია რომ მოიტანოს. ასეთი შედეგები ყველანაირი შეიძლება იყოს. ახალს არაფერს დავამატებ. იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე დავასრულებთ ერთპიროვნულ მმართველობას და ამ კანონის მოქმედებასაც ამასთან ერთად. სანამ გაუქმდება კანონი, მანამდე შეიძლება შედეგიც კი მოუტანოს ქვეყანას. გამოფხიზლების უებარი წამალი გამოდგა ეს ქვეყნისთვის. აქამდე საზოგადოებას ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, საით მიდიოდა მათი ხელისუფლება. ამ კანონმა რაღაცნაირად მაღვიძარას ეფექტი შეასრულა და ეს პოზიტიურად უნდა გამოვიყენოთ”,- განაცხადა ხვიჩიამ.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა დეპუტატი იმას, რომ შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მას აკვირვებს არასამთავრობოების რწმენა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ.
“მაკვირვებს “ენჯეოების" რწმენა საკონსტიტუციოს მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს და ამას ექვემდებარება მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოც. ამიტომ, ამის იმედი ნაკლებად მექნებოდა. უფრო პოლიტიკური პროცესების იმიტომ, რომ ეს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკურია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.