ზურაბ ჯაფარიძე: „ქართულ ქარტიაში“ გაწერილი რეფორმების ერთობლივად შესრულება ქვეყნისთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია

ზურაბ ჯაფარიძე: „ქართულ ქარტიაში“ გაწერილი რეფორმების ერთობლივად შესრულება ქვეყნისთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია

ჩემი აზრით, ზოგადად ნებისმიერი ტიპის დოკუმენტთან მიერთება იქნება, თუ სხვა ტიპის ნაბიჯის გადადგმა, რომელიც იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე შესაძლებელია რაღაც საკითხებზე შეთანხმება და რაღაცების ერთად კეთება, ცალსახად მგონია, რომ არის მნიშვნელოვანი, თუმცა ეს დოკუმენტი ამაზე შორს მიდის, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში, “ქართული ქარტიის” ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ქარტიაში” გაწერილი რეფორმების ერთობლივად შესრულება არის ამ ქვეყნისთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი.

“რეფორმები, რომელიც იქ არის გაწერილი, 9 პუნქტიდან გამომდინარეობს, რომელიც საქართველოსთვის ევროკომისიამ განსაზღვრა. შესაბამისად, ამ რეფორმების შესრულების შემდეგ საქართველოსთვის მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაიხსნება ანუ ერთ ნაბიჯს წინ კიდევ გადავდგამთ სტატუსის მიღების შემდეგ და დავეწევით მოლდოვას და უკრაინას და შემდეგ მოლაპარაკებები შეგვიძლია დავასრულოთ დაახლოებით 5 წელიწადში - 2030 საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩემი აზრით, ამ დოკუმენტში გაწერილი რეფორმები ერთობლივად შესრულება არის ამ ქვეყნისთვის პრინციპული, მნიშვნელოვანი საკითხი.

[რაც შეეხება გახარიას პარტიის პოზიციას, რომელიც ქარტიას ხელს არ აწერს], მე რაც გახარიას წარმომადგენლებს ვუსმინე, მათ შინაარსთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ, ისინიც თვლიან, რომ ეს რეფორმებია გასატარებელია, რაც ნებისმიერ შემთხვევაში კარგია. მინიმუმ იმაზე მაინც ვთანხმდებით, რა არის გასაკეთებელი მართლმსაჯულებაში, კორუფციასთან ბრძოლისას, დეოლიგარქიზაციის დასრულების თვალსაზრისით. როგორც მე გავიგე, პარტია “საქართველოსთვის” წინააღმდეგები არიან იმ ჩანაწერს, რომელიც ეხება იმას, რომ პარლამენტი იქნება დროებითი და რეფორმების გატარების შემდეგ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება და ახალი პარლამენტის არჩევა მოხდება.

ეს არჩევნები არ იქნება თავისუფალი და არც სამართლიანი, ამას ყველა ვხედავთ. როცა უკვე დაწყებულია ცემა-ტყეპა, შანტაჟი, ტერორი და ა.შ. გასაგებია რა ტიპის არჩევნებზე მივდივართ, გასაგებია, რომ ამ არჩევნების შედეგები ვერ ასახავს, იმ პოლიტიკურ ნებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში არსებობს, ამიტომ მგონია, რომ გარკვეული ვადის შემდეგ, არ მგონია ერთ წელში მოესწროს, თუნდაც 2 წლის შემდეგ, როდესაც ამ რეფორმების გატარება მოესწრება, ვადამდელი, ნორმალური არჩევნების ჩატარება, მეც ვფიქრობ, რომ არის სწორი”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ “რადიკალური პარტიები მოაწერენ ხელს ქარტიას, რომელსაც სამართლიანად დაერქვა ომის ქარტია” და აღნიშნა, რომ ეს არის ტიპიური რუსული პროპაგანდა.

“ადამიანები, რომლებიც არიან გაფორმებული მოღალატეები, ვიღაცებს უსამშობლობას აბრალებენ. ეს არის ჩვეულებრივი რუსული ამბავი, როდესაც ადამიანს აბრალებენ იმას, რისი მტერიც და წინააღმდეგია მისი მთელი ცხოვრება. ჩვეულებრივი რუსული, საბჭოთა ტიპის პროპაგანდაა”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

როგორ ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს. პარტიები დღეიდან ქარტიას ხელმოწერით უერთდებიან, მათ შორის დოკუმენტს შეუერთდა ზურაბ ჯაფარიძე.