თავის დროზე, საქართველოს იცნობდნენ ჩემ გამო, 2012 წლამდე - დღეს უკვე საქართველოს იცნობენ ამ ახალგაზრდების გამო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე დიდი მადლობა ეკუთვნის ქართველ ახალგაზრდობას და მათ წინაშე ქედს იხრის. სააკაშვილის განმარტებით, ქართული ახალგაზრდობა არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დაანახა მთელ მსოფლიოს,რომ საქართველო ცოცხლობს, საქართველო არ მომკვდარა, იბრძვის, ძლიერია.
როგორც მან აღნიშნა, დღეს არის იმ ლიდერების დრო, რომლებიც მოვლენ ამ ახალგაზრდების წიაღიდან.
„თურმე „ტიკ-ტოკზე“ ავრცელებენ, რომ შევარდნაძემ გამოაცხადა [საქართველოს] პირველი კურსი ევროპად. გეგონება, სააკაშვილის დრო არ ყოფილა. მხოლოდ მე არ ვარ მარტო, ხომ? შევარდნაძის დროს ჩვენ გვესმოდა ერთი და იგივე რაღაც, პრეზიდენტის მთავარ განცხადებად იყო ხოლმე მეცხრე რეაქტორი ჩაირთო, თუ გამოირთო. როგორც წესი, ირთვებოდა ხოლმე და ამას გვატყობინებდა პრეზიდენტი. ვის გახსენდებათ, იმ დროიდან, ევროპაზე კურსი ან ევროატლანტიკურ თანამშრომლობაზე კურსი?! ან რომც გამოეცხადებინა ასეთი კურსი, სად იყო ასეთი შესაძლებლობა? დიახაც, „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებამ გამოაცხადა კურსი საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე.
ჯერ იყო "აღმოსავლეთ პარტნიორობა" და მის საფუძველზე შეიქმნა შემდეგ უკვე ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა ევროპაში. მე ამით ძალიან ვამაყობ. ვამაყობ იმ გუნდით, რომელმაც ეს გააკეთა მაშინ“, - განაცხადა სააკაშვილმა.