მიხეილ სარჯველაძე: უნდა გავაწბილოთ ყველა, ვისაც საზოგადოება შეჰყავდა შეცდომაში, რომ რაღაც უბედურება დატრიალდება - ეს ასე არ მოხდება, საქართველო ევროპული მიმართულებით წინსვლას განაგრძობს

მიხეილ სარჯველაძე: უნდა გავაწბილოთ ყველა, ვისაც საზოგადოება შეჰყავდა შეცდომაში, რომ რაღაც უბედურება დატრიალდება - ეს ასე არ მოხდება, საქართველო ევროპული მიმართულებით წინსვლას განაგრძობს

უნდა გავაწბილოთ ყველა, ვისაც საზოგადოება შეჰყავდა შეცდომაში, რომ რაღაც უბედურება დატრიალდება საქართველოში. ეს ასე არ მოხდება, საქართველო ევროპული მიმართულებით წინსვლას და განვითარებას განაგრძობს და ეს არის შეუქცევადად არჩეული კურსი - ამ კანონპროექტს შეუძლია ბევრი სამართლიანობის მოტანა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამიერიდან საზოგადოება სრულად ინფორმირებული იქნება საერთაშორისო დაფინანსებების შესახებ და „ამას მოითხოვს ქართული საზოგადოების ინტერესი“.

„ბევრი მითი იქნა ნაამბობი საზოგადოებისთვის, რომლის შედეგადაც საზოგადოების ნაწილისთვის დღემდე საკმაოდ ბუნდოვანია, რატომ მიიჩნევს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომ საქმე გვაქვს რუსულ კანონთან, მაშინ, როდესაც არავითარი რაციონალური არგუმენტი, რაზე დაყრდნობითაც ასეთი შეფასების გაკეთება შეეძლება ვინმეს, ობიექტურად არ არსებობს. ვფიქრობ, ასიმეტრიული მოლოდინები არსებობს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით - საზოგადოების ერთი ნაწილია, რომელიც შეიძლება თვლიდეს ან არ თვლიდეს, მაგრამ ასე ამბობდეს, რომ დააქცევს ქვეყანას ამ კანონპროექტის კანონად ქცევა და არის საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელსაც შეიძლება განსხვავებული მოლოდინი ჰქონდეს. ამ ყველაფრის ფონზე ფაქტია ის, რომ ამ კანონპროექტს შეუძლია ბევრი სამართლიანობის მოტანა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ რამეს, რაც უსამართლოდ, დაფარულად და ფარდის უკან ხდებოდა, შეიძლება ფარდა აეხადოს. იგულისხმება ისეთი ტიპის დაფინანსებები, როდესაც საქართველოს ინტერესებთან არათავსებადი უცხოური ინტერესის დაფინანსება შეიძლება ხორციელდებოდა და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰქონდა. ამიერიდან ამის შესახებ საზოგადოება სრულად ინფორმირებული იქნება. ეს სამართლიანია და ამას მოითხოვს ქართული საზოგადოების ინტერესი. ეს არის სტანდარტი, რომელსაც ემხრობა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც და ლუქსემბურგის სასამართლოც. ორივე სასამართლოს პრეცედენტებში აღნიშნულია, რომ საზოგადოება უფლებამოსილია, ფლობდეს ინფორმაციას მის ქვეყანაში საერთაშორისო დაფინანსების წყაროების შესახებ, როდესაც საქმე ეხება ისეთი ინსტიტუციების დაფინანსებას, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს ამა თუ იმ საზოგადოებაში საზოგადოებრივ აზრზე. ამიტომ, ამ კანონის ამოქმედება რაციონალურ ცვლილებას მოიტანს.

რაც შეეხება დრამატული და ესქატოლოგიური სურათის დახატვას, რომ ჩვენი ქვეყანა ამიერიდან დაიქცევა, უნდა გავაწბილოთ ყველა, ვინც ასეთ ვარაუდებს გამოთქვამდა და საზოგადოება შეჰყავდა შეცდომაში, რომ რაღაც უბედურება დატრიალდება საქართველოში. ეს ასე არ მოხდება, საქართველო წინსვლას და განვითარებას ევროპული მიმართულებით განაგრძობს და ეს არის შეუქცევადად არჩეული კურსი.

რაც შეეხება ლიბერალურ ფაშიზმს, მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს საფუძველ, რომელიც შეიძლება რადიკალიზაციას ითვალისწინებდეს გამოხატვის ფორმებისა ან დამოკიდებულებებისა, თავისი არსით სახიფათოა. უკიდურესობამდე მიყვანილი ნებისმიერი იდეოლოგია იწვევს საზოგადოებისთვის ისეთი ტიპის გადახრებს, რომელიც თავად საზოგადოებისთვის არის მავნებელი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.