მე მგონი ყველაფერი თვალნათელია. არიან ერთი ფოტოგრაფის იმედზე (მისი სახელი დამავიწყდა) რომელიც შემდეგ ცდილობს რაღაცნაირად გაბევრებული წარმოაჩინოს აქციის მონაწილეები და ამის იმედზეა დღეს რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გარე და ადგილობრივი აქტორების ჩართულობით აგორებულმა დეზინფორმაციულმა კამპანიებმა გარკვეული ემოციური განწყობები შექმნა.
„არიან ისტერიაში, ამიტომ არიან მუქარაზე, ტერორზე გადასულები და 21-ე საუკუნეში, ევროპის სახელით ტერორით არის დაკავებული ის ხალხი, რომელიც თავის თავს ევროპასთან ასოცირებს და რომელიც ფინანსდება ევროპული და ამერიკული ფონდებიდან. სინამდვილეში არანაირი მუხტი ამ მხრივ არც არსებობდა, არსებობდა დეზინფორმაციის ნიაღვარი, რომელიც ძირითადად განპირობებული იყო გარედან წამოსული დეზინფორმაციული კამპანიისგან ქართული კანონის წინააღმდეგ და ამან გარკვეული ემოციური განწყობები შექმნა, თუმცა, ამიტომაც იყო ყველა შესაძლებლობა მიცემული ყველასთვის. ყველასთან გვქონდა შეთავაზება ღია, საჯარო დისკუსიისა და ყოველ ჯერზე ვიღებდით უარს და ვიღებდით ცალმხრივ, პროპაგანდისტულ სლოგანებს და იარლიყების მიწებებას კანონთან დაკავშირებით. დრომ დაადასტურა, რომ თუკი ხარ სიმართლის მხარეს, შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს, მაგრამ სიმართლე აუცილებლად თავს გაიტანს. ასე მოხდა ე.წ. სანქციების დაწესება-არ დაწესების კამპანიაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა, ასე მოხდა ეს სააკაშვილის წამება-არ წამების ყალბ კამპანიაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდიოდა და ასე მოხდა ახლაც. სამივე კამპანიაში ჩართულები იყვნენ უცხოელი და ადგილობრივი აქტორები და სამივე ჯერზე სიმართლემ თავი გაიტანა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.