შალვა პაპუაშვილი: ხვალიდან 60 დღის ვადაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რის შემდეგაც ორგანიზაციებს შესაბამის პორტალზე რეგისტრაციისა და დეკლარაციის შევსების ვალდებულება ექნებათ

შალვა პაპუაშვილი: ხვალიდან 60 დღის ვადაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რის შემდეგაც ორგანიზაციებს შესაბამის პორტალზე რეგისტრაციისა და დეკლარაციის შევსების ვალდებულება ექნებათ

ხვალინდელი დღიდან 60 დღის ვადაში, იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს. ასევე, შექმნის ელექტრონულ პორტალს ორგანიზაციებისთვის და 60 დღის შემდეგ უკვე დადგება ვალდებულება იმ ორგანიზაციების, რომელთაც აქვთ მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსება, დარეგისტრირდნენ ამ პორტალზე და დაადეკლარირონ 2023 წლის ფინანსები, - ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება განცხადებას, კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, არადემოკრატიული ქცევაა და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება მათივე დეკლარირებულ პრინციპებს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ვცხოვრობდეთ. კანონი მიღებულია. ყველამ იცის, რა არის გასაკეთებელი და ყველამ იცის, რა შედეგები მოჰყვება თუ არ მოხდება დეკლარირება. როდესაც ვისმენთ ზოგიერთი არასამთავრობოს განცხადებას კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, ყველას მოგიწოდებთ, ჰკითხოთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ მათ კანონის ტექსტი არ მოსწონთ, თავად რატომ არ იღებენ ვალდებულებას ხალხის წინაშე, რომ ნებაყოფლობით, პროაქტიულად იყვნენ გამჭვირვალე ხალხის მიმართ. თავად რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას?!“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.