საქართველოში უცხო ძალების აგენტურაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ეს აგენტურა, რომელსაც სათავეში მიხეილ სააკაშვილი ედგა, მოქმედებდა უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, სადაც ისინი მათმა პატრონებმა აგენტურული საქმიანობის საწარმოებლად გადაისროლეს.
„სააკაშვილი და მისი გუნდი არის საქართველოში ჩანერგილი აგენტურა, რომელიც მართავდა ქვეყანას. შესაბამისად, აგენტურა გადაისროლეს იმ ქვეყანაში [უკრაინაში], სადაც სჭირდებოდათ თავისი აგენტურული საქმიანობის განხორციელება. სამწუხაროდ, მათი ეს საქმიანობა აღმოჩნდა დამღუპველი უკრაინისათვი ,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა.
როგორც სუბარი ამბობს, ამ აგენტურის შემადგენლობაში იყვნენ ამჟამად ქართულ პოლიტიკაში მოქმედი აქტორები, მათ შორის ხატია დეკანოიძე, რომელიც უკრაინის დამღუპველი საქმიანობის ერთ-ერთი აქტიური შემოქმედი იყო. სუბარის თქმით, დეკანოიძემ უკრაინაში ანტიკორუფციული საქმიანობა ჩააფლავა.
„ხატია დეკანოიძე იყო ის ერთ-ერთი მოღალატე, რომელმაც დატოვა ქართული პასპორტი, წავიდა უკრაინაში, რა თქმა უნდა, თავის ამბიციასთან ერთად. ოღონდ, ამ შემთხვევაში, ეს იყო დავალება - მას უნდა შეესრულებინა აგენტურული დავალება, რისთვისაც გააგზავნეს და ძალიან მაღალი თანამდებობა ჩააბარეს. ის დავალებაც მან, ბუნებრივია, ჩააფლავა. ხატია დეკანოიძე იყო ერთ-ერთი ინიციატორი უკრაინაში ანტიკორუფციული სააგენტოს ჩამოყალიბების, რომელსაც წლების განმავლობაში ერთი კორუფციული სკანდალიც არ გამოუმზეურებია, დახარჯა ასეულობით მილიონი ამერიკული დოლარი და ბოლოს, აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ სააგენტოში არის ძალიან სერიოზული პრობლემები სამართლებრივი მიმართულებით და კორუფციასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის მიერ წაყვანილი ადამიანი გიზო უგულავა, ახლახან გაათავისუფლეს და კიდევ რა შედეგი მოჰყვება ამას, არ ვიცით,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.